17.04.2015
დუბლიორთა ფრე გორელებთან შეხვედრაში
მიმდინარე წლის 17 აპრილს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა გორის ”დილას” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე, ჭურაძე, გოგავა, ბარბაქაძე, ვაჭარაძე, საცერაძე (შარიქაძე, 65), ჩიტორელიძე, კანდელაკი, გოცაძე (დუგლაძე, 87), ბუბულაშვილი (სადუნიშვილი, 46), ეგუტიძე.
შეხვედრა მასპინძელთა იერიშების თანხლებით დაიწყო და უკვე დებიუტში გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო ზესტაფონელთა ფორვარდი ავთანდილ ეგუტიძე - შიდაქართლელთა გოლკიპერმა დავით მარიამიძემ ოსტატურად ითამაშა და თავის გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. პირველი ტაიმის ბოლომდე ზესტაფონელთა ბაზის ხასხასა მინდორზე თანაბარი თამაში წარიმართა და ანგარიშის გახსნა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმი კი უკვე სტუმართა დიდი უპირატესობით წარიმართა. შესვენების შემდეგ მასპინძლებს (ფეხბურთელთა აბსოლუტურ უმრავლესობას დუბლიორთა ტურნირის პარალელურად, ჭაბუკთა ლიგის მატჩებშიც უწევთ ასპარეზობა) ფიზიკურად გაუჭირდათ და ასაკით უფროსმა და გაცილებით გამოცდილმა გორელებმა სათავისო თამაში გააჩაღეს. იმერელთა სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ მეკარე გია მახათაძისა და გუნდის დაცვის ხაზის მოთამაშეთა თავგანწირული თამაშის წყალობით, მათ საკუთარი კარის "მშრალად" შენახვა მოახერხეს და დღევანდელ მძიმე შეხვედრაში მეტოქეს ქულაც აართვეს - 0-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |