Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.04.2015

 

 

 

 

 

 

 

 

კანონზონიერი მარცხი ფოთელებთან შეხვედრაში

 

 

 

 

 

 

 

2015 წლის 11 აპრილს საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. რიგით ოცდამესამე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ლანჩხუთს ესტუმრა და ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ფოთის ”კოლხეთს” დაუპირისპირდა.

 

ფოთელებთან მატჩზე ზესტაფონელთა ლანჩხუთში გამგზავრების ამბავი დადებითად მხოლოდ გუშინ გვიან საღამოს გადაწყდა. როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფოს მხრიდან ზემოიმერული გუნდის დაფინანსების ძალიან გაწელილი საკითხი კვლავაც მოუგვარებელია და სწორედ ამის გამო გუნდს მიმდინარე კვირაში საერთოდ არ უვარჯიშია...

 

გუშინ საღამოს ზესტაფონის გამგეობაში გაიმართა კლუბის წარმომადგენელთა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა, რომელზეც ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა გუნდის წინაშე არსებული პრობლემების სახელისუფლო წრეების წინაშე დასასმელად და სიტუაციის დასარეგულირებლად კიდევ რამდენიმე დღე ითხოვეს...

 

თავის მხრივ, კლუბის გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი შეხვდა ფეხბურთელებსა და საწვრთნელო შტაბს, გააცნო მათ შექმნილი ვითარება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ლანჩხუთში გამგზავრების შესახებ. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი გუნდის მატჩზე გამგზავრება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი საწვავის დახმარებით დღეს დილით მოხერხდა. თბილისიდან ლანჩხუთამდე ხუთსაათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ, მარგველები ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე დათქმულ დროს გამოცხადდნენ.

 

ვფიქრობთ, რომ მატჩამდე განვითარებული მოვლენების დეტალურად აღწერის შემდეგ, თავად შეხვედრის პერიპეტიების აღწერა მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ზღვისპირელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხეს, გოლები კი ლევან შენგელიამ (39-ე და 75-ე წუთებზე), თამაზ ჟიშკარიანმა (62-ე წუთზე) და გიგა ამბროლაძემ (85-ე წუთზე) გაიტანეს.

 

აღდგომის დღესასწაულებზე უხელფასოდ დარჩენილი ზესტაფონური გუნდის წევრები კი ისევ შემდეგი კვირისა და უკეთესი მომავლის იმედად დარჩნენ...

 

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ,,მსოფლიო სპორტმა” ჩამოართვა:

 

ზაზა ინაშვილი (,,კოლხეთი”): ,, ჩვენთვის ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სახიფათო ზონას დავცილდით და ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცა.”

გიორგი მიქაძე (,,ზესტაფონი”): ,,წინა ტურის შემდეგ არ გვივარჯიშია. ჩვენი გამგზავრება მხოლოდ ამ დილით გადაწყდა. ხუთსაათნახევარი გზაში ვიყავით და ბიჭებს რა უნდა მოვთხოვო, სანამ ძალა ეყოთ ითამაშეს, ხოლო მეორე ტაიმში უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ გაუძლეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა სიტუაციის დასარეგულირებლად რამდენიმე დღე კიდევ ითხოვეს. ვნახოთ რა გამოვა."

 

 

11.04.2015. ”კოლხეთი” (ფოთი) - ”ზესტაფონი” 4-0

დაწვრილებით:

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015