Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.04.2015

 

 

 

 

 

 

 

 

გამარჯვება რუსთაველებთან შეხვედრაში

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 3 აპრილს საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი, რიგით ოცდამეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ადგილობრივმა ”ზესტაფონმა” რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

 

როგორც მოგეხსენებათ, უიმედო ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი "ზესტაფონის" რუსთავის "მეტალურგთან" მატჩზე საკუთარ ქალაქში გამგზავრებისა და აქ სასტუმროში დაბინავების ხარჯები საკუთარ თავზე ქართულ სპორტში მოღვაწე ჩვენი კლუბის დიდმა მეგობარმა და გულშემატკივარმა ბიზნესმენმა აიღო. რაც შეეხება "დავით აბაშიძეზე" და ბაზაზე გადასახდელი ელექტროენერგიის თანხას, ის ისევ იმ ზესტაფონელმა ბიზნესმენმა დაფარა, რომელიც გუნდს სულ რამდენიმე დღის წინ გუნდს ქობულეთში გამგზავრებაშიც დაეხმარა ...

 

გთავაზობთ ინტერნეტ-საიტ "მსოფლიო სპორტზე" გამოქვეყნებულ ჟურანლისტ ვახტანგ დათიაშვილის მიერ მომზადებულ პუბლიკაციას, რომელიც ზემოიმერელთა და ქვემოქართლელთა დღევანდელ დაპირისპირება მიეძღვნა:

 

" სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ზესტაფონში გამართულ 22-ე ტურის შეხვედრას მეტოქეები დაახლოებით ერთნაირ პირობებში შეხვდნენ. ყველასთვის კარგად ცნობილ მიზეზთა გამო ორივე გუნდს უამრავი პრობლემა მიეძალა. უკანასკნელ ხანს ისეთი სიტუაციაა, რომ ყოველი ტურის წინ ბოლომდე გაურკვეველია, მიიღებენ თუ არა ზესტაფონელები და რუსთაველები კონკრეტულ მატჩში მონაწილეობას. ასე იყო ამჯერადაც, თუმცა მასპინძლებს მშველელად ერთ-ერთი ბიზნესმენი გამოუჩნდა, რომელმაც გუნდის თბილისიდან ზესტაფონში გამგზავრების და იქ სასტუმროში ცხოვრების ხარჯი თავის თავზე აიღო.

 

მატჩის დაწყებამდე ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა ტრანსპარანტი გამოიტანეს წარწერით - გადავარჩინოთ ფეხბურთი ზესტაფონში! რითაც კლუბის პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს.

 

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მატჩის დებიუტშივე მათ რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ ზესტაფონელთა თავკაცმა პრაქტიკულად იგივე ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორ მატჩში მიმართა. 3 ცენტრალური მცველის ოდნავ წინ ფლანგებზე მთივლიშვილი და რაჟამიშვილი ირჯებოდნენ, რომლებიც სტუმართა შეტევის დროს უკან იხევდნენ და თავს 5 ფეხბურთელით იცავდნენ, ხოლო ზესტაფონელთა იერიშისას თავიანთ ფლანგებს ბოლომდე აკონტროლებდნენ და ზუსტი გადაცემებით თანაგუნდელებს ამარაგებდნენ. მასპინძელთა ტაქტიკამ 100%-ით გაამართლა. პირველ ტაიმში ყველაზე აქტიურები სწორედ მთივლიშვილი და რაჟამაშვილი იყვნენ. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი გამოირჩეოდა, რომელიც პირით ხაზამდე ჩარბოდა და სტუმართა მცველებს მოსვენებას არ აძლევდა.

 

პირველი სახიფათო შეტევა მასპინძლებმა მე-2 წუთზე განახორციელეს. რაჟამაშვილის გამჭოლ გადაცემას მთივლიშვილი საჯარიმოს კუთხესთან დაუხვდა და ძლიერად გაისროლა. ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მალე ისევ მთივლიშვილი ურტყამდა თითქმის ანალოგიური მდგომარეობიდან, მაგრამ ნადირაძემ სწორი პოზიცია შეარჩია და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

 

მე-11 წუთზე ზესტაფონლები ვალდებულნი იყვნენ ანგარიში გაეხსნათ. ჯერემიას ზუსტი გადაცემის შემდეგ ილურიძე მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, მას ხელს არავინ უშლიდა, თუმცა ბურთის კარის ჩარჩოში მოხვედრება ვერ მოახერხა.

 

ტაიმის შუაწელს ისევ მთივლიშვილმა იაქტიურა. მან ბურთი მოედნის კიდესთან მიიღო, შუაგულისკენ გადაინაცვლა და საჯარიმო რკალს მიახლოვებულმა მარცხენა ფეხით ძლიერი დარტყმა განახორციელა. ბურთი ასცდა მიზანს. თითქმის მაშინვე მან ასისტენტობა ვასაძეს გაუწია, თუმცა მისი დარტყმული ნადირაძის იოლი ნადავლი გამოდგა.

 

28-ე წუთზე სტუმართა დამრიგებელს იძულებითი ცვლილებების გაკეთება მოუხდა. ტრავმირებული ექვთიმიშვილის ნაცვლად მან მოედანზე ბარაბაძეს უხმო. ტანმაღალი ფორვარდის გამოსვლა სტუმრებს სასიკეთოდ წაადგა და 37-ე წუთზე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. თანაგუნდელთა კომბინაციის შემდეგ ბარაბაძე მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ კუპატაძეც სანაქებოდ გაისარჯა და თავისიანები აშკარა უსიამოვნებისგან იხსნა.

 

3 წუთში ანალოგიური მდგომარეობა სტუმართა კართან შეიქმნა. ჯერემიას მახვილგონივრული გადაცემის შემდეგ ბერიძე მეკარის პირისპირ გადიოდა, თუმცა თავის ვიზავის არც ნადირაძე ჩამორჩა, მან კარი დროულად დატოვა, მომხვდურს დარტყმის კუთხე შეუმცირა და ხიფათი განმუხტა.

 

ნიგერიელ ლეგიონერს თავის გამოჩენა ტაიმის უკანასკნელ წუთზე მართებდა. რაჟამაშვილის გადაცემის შემდეგ იგი მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებას ცდილობდა, თუმცა ნადირაძე ჩანაფიქრს მიუხვდა და ბურთს საჭირო ადგილზე დაუხვდა.

მეორე ტაიმი საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო. სტუმართა მცველებმა ერთმანეთში ბურთის გათამაშების დროს მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, რითაც კარგად ისარგებლა ჯონი ჯერემიამ. მან ბურთი მეტოქეს აართვა, საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერი დარტყმით სტუმართა კარის ბადე შეარხია - 1:0.

 

ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. 54-ე წუთზე ილურიძემ მეურვე ჩამოიტოვა და პირით ხაზთან მისულმა საჯარიმოში შეჭრილ ბერიძეს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. ზესტაფონელთა ნახევარმცველს ბოლო მომენტში ხელი შეუშალეს და შედეგიანი დარტყმა ვეღარ განახორციელა.

 

66-ე წუთზე მარგველებმა სანიმუშო სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. ბერიძემ დროული პასით შეტევაში მთივლიშვილი ჩართო, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე ბოლომდე ჩაირბინა და საჯარიმოში მყოფ ჯონი ჯერემიასკენ გამჭოლი გადაცემა განახორციელა. ნიგერიელმა ლეგიონერმა თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და შეუჩერებელი დარტყმით ნადირაძეს საკუთარი კარის გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა - 2:0.

 

თამაში პრაქტიკულად აქ დამთავრდა. მართალია, რუსთაველებმა შეხვედრის ბოლომდე იბრძოლეს და ბარაბაძეს რამდენჯერმე ანგარიშის შემცირების საშუალება მიეცა, თუმცა მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა" ...

 

მატჩის დამთავრების შემდეგ განცხადება გააკეთა კლუბის დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა. მან პრესკონფერენციაზე მყოფ ჟურნალისტებს გვამცნო, რომ თუ 6 აპრილს (ორშაბათს), კლუბის დაფინანსების თაობაზე გამგეობიდან დადებითი პასუხი არ იქნება, გუნდი ვეღარ გააგრძელებს ვარჯიშს და სავარაუდოდ ვერც მომდევნო ტურში ითამაშებს.

 

 

03.04.2015. ”ზესტაფონი” - ”მეტალურგი” (რუსთავი) 2-0

დაწვრილებით:

 

 

2015 წლის 4 აპრილს გამართულ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეორე გუნდმა რუსთავის "მეტალურგის" დუბლიორებთან ანგარიშით 1-3 დამარცხდა. მასპინძელთაგან გატანილი გოლით თავი ავთო ეგუტიძემ გამოიჩნა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015