მიმდინარე წლის 30 მარტს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ფეხბურთის მოყვარულები შეიკრიბნენ. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" შექმნილი ვითარებით შეშფოთებულმა ზემოიმერელმა ქომაგმა ხელისუფლებისაგან გუნდის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
დღეს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ქომაგებთან ერთად, კლუბის წარმომადგენელი სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის აღსაზრდელები და მათი მშობლებიც მრავლად მოვიდნენ. როგორც მოგეხსენებათ, განვლილი 11 წლის მანძილზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფრთის ქვეშ ქალაქში ათასზე გაცილებით მეტი ახალგაზრდა ეზიარა სპორტსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს, დღესდღეობით კი კლუბში 150-მდე ჭაბუკი და ბავშვი ირიცხება.
როგორც გაირკვა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი იმყოფებიან თბილისში და სწორედ საფეხბურთო თემის მოგვარების გზების ძიებასთან დაკავშირებით, მართავენ შეხვედრებს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელ პირებთან.
მას-მედიის წარმომადგენლებთან სტადიონზე შემდგარი კომუნიკაციისა და საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების შემდეგ, ნორჩმა ფეხბურთელებმა და ქომაგებმა, გუნდის გადარჩენისა და ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით, ქალაქის ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს, რომელიც მუნიციპალიტეტის შენობასთან დასრულდა...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონში დღეს განვითარებული მოვლენების მიმდინარეობას ასახავს ...