2015 წლის 22 მარტს საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის რიგით ოცდამეერთე ტურის შეხვედრები გაიმართა. ქობულეთის სტადიონ "ჩელე-არენაზე" გამართულ მატჩში ადგილობრივმა ”შუქურამ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელთა კვლავაც უხელფასოდ მყოფ გუნდს ისევ უმძიმეს ფინანსურ პირობებში უწევს საკუთარი ქალაქისა და კლუბის ღირსების დაცვა. გუშინდელ დღემდე კითხვნის ნიშნის ქვეშ იდგა იმერელთა ქობულეთში გამგზავრების საკითხიც კი, თუმცა, საბოლოოდ, "ზესტაფონის" ქობულეთში გამგზავრებისა, სასტუმროში დაბინავებისა და კვების ხარჯების უმეტესი ნაწილი საკუთარ თავზე ერთ-ერთმა ზესტაფონელმა ბიზნესმენმა და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ბატონმა ვასილი გერეგამ აიღეს. დანარჩენის გადახდა კი იმერულ კლუბს დაფინანსების წყაროს გამოჩენის შემდეგ მოუწევს ...
ცხადია, რომ ასეთ ვითარებაში ყოფნა არც ფეხბურთელს, არც გუნდში მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტსა და არც მწვრთნელს დადებითი ემოციებს ვერ შემატებდა. მაინცდამაინც სასიკეთოდ გუნდის განწყობაზე არც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამასწინანდელ სხდომაზე გუნდის დაფინანსების დაწყების კიდევ ერთხელ გადავადების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უმოქმედია. ყველაფრის ამის მიუხედავად, "ზესტაფონი" მინდორზე მაინც გავიდა ...
არ მიგვაჩნია რა მართებულად ასეთ ვითარებაში მყოფი სპორტული კოლექტივისაგან რაიმე განსაკუთრებული სპორტული შედეგის მოთხოვნა, თქვენს ყურადღებას დღევანდელი მატჩის პერიპეტიებზე ზედმეტად აღარ შევაჩერებთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ მატჩის უმეტესი ნაწილი ქობულეთელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3-1 დასრულდა. გამარჯვებულთაგან გოლები თორნიკე თუხარელმა (61-ე წუთი), გიორგი ჩელებაძემ (70-ე წუთი) და ადრიან პუკანიჩმა (72-ე წუთი) გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან, რომლებსაც მატჩის მსვლელობისას გატანა კიდევ რამდენიმე ეპიზოდში მართებდათ, თავი მალხაზ გაგოშიძემ (87-ე წუთი) გამოიჩინა.