Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.03.2015

 

 

 

 

 

 

 

 

მარცხი "ეროსი მანჯგალაძეზე"

 

 

 

 

 

 

 

2015 წლის 18 მარტს საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის რიგით მეოცე ტურის შეხვედრები გაიმართა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ადგილობრივმა ”სამტრედიამ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

 

როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელთა დღემდე უხელფასოდ მყოფ გუნდს უმძიმესი ფინანსური კრიზისის პირობებში უწევს საკუთარი ქალაქისა და კლუბის ღირსების დაცვა. მარგველთათვის დახმარების გაწევის საკითხი კვლავაც მოუგვარებელია და მაშინ, როდესაც ქვეყნის ამა თუ იმ ქალაქში სახელმწიფო (მერია თუ მუნიციპალიტეტი) ახერხებს კერძო საკუთრებაში არსებული სტადიონების გარემონტება-განახლებასა და ასეთი ხერხით კერძო კლუბების თანადგომას, მარგველებისთვის მსგავსი ფუფუნება ოცნების სფეროს მიეკუთვნება ...

 

სამტრედიელთა გაცილებით უფრო გამოცდილ კოლექტივთან დღევანდელი შეხვედრა ზემოიმერელთათვის უსიამოვნოდ დაიწყო - უკვე 18-ე წუთზე ექს-ზესტაფონელმა თორნიკე კაპანაძემ თავის ახალი კლუბი დააწინაურა. აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ მასპინძელთა ფორვარდმა გოლი აშკარა და ეჭვგარეშე ოფსაიდიდან გაიტანა, თუმცა გვერდით არბიტრს თამაშის წესის დარღვევა რატომღაც არ დაუფიქსირებია და მასპინძლებიც წინ ასე გავიდნენ.

 

მთლიანობაში, უფრო მეტს და უფრო სახიფათოდ მასპინძლები უტევდნენ, თუმცა გოლის გატანის თავის შანსები ზესტაფონელებსაც მიეცათ - განსაკუთრებით გამოსაყოფია მომენტი, როდესაც გურამ სამუშიას უძლიერესი დარტყმის შემდეგ რევაზ თევდორაძეს მთელი თავის ოსტატობის დემონსტრირება მოუხდა აშკარა გოლისაგან თავისიანების გადასარჩენად.

 

ორივე მხარისათვის უშედეგო მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილის შემდეგ, 60-ე წუთზე სამტრედიელებმა კიდევ უფრო დაწინაურება მოახერხეს. პირველისგან განსხვავებით, მეორე გოლი წესების სრული დაცვით გავიდა - თორნიკე კაპანაძემ დამატებაზე ყველას დაასწრო და თავის გუნდი წინ უკვე ორი ბურთის სხვაობით გაიყვანა.

 

ამის შემდეგ უკვე სტუმრები გააქტიურდნენ - ზესტაფონელები ბურთს უფრო მეტად აკონტროლებდნენ და მასპინძელთა კარის "გასაღებს" აქტიურად, თუმცა უშედეგოდ ეძებდნენ. სამტრედიელებმა კი აქცენტი სწრაფ კონტრშეტევებზე გააკეთეს და საბოლოოდ, ამ ტაქტიკამ მათ შედეგიც მოუტანა - არბიტრ გიორგი ყრუაშვილის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე მარგველთა კარის ბადე დავით კვირკველიამ შეარხია. სამტრედიელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 3-0.

 

 

18.03.2015. ”სამტრედია” - ”ზესტაფონი” 3-0

დაწვრილებით:

 

 

2015 წლის 19 მარტს გამართულ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" მეორე გუნდმა ზესტაფონელი დუბლიორები კიდევ უფრო დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცხა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015