Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.03.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ მიხეილ ხუციშვილთან

 

"ზესტაფონი" "სამტრედიასთან" სათამაშოდ ვერ გავა, კლუბის ანგარიშზე ერთი ლარიც არაა

 

 

 

 

 

 

მიხეილ ხუციშვილი
 

"ზესტაფონში" უმძიმესი ფინანსური სიტუაციაა. ფეხბურთელებს უკვე ორი თვეა, ხელფასი არ აუღიათ. კლუბის ხელმძღვანელობამ როგორღაც გამოძებნა თანხა და "ზესტაფონი"-"სიონის" გუშინდელ მატჩს ჩაშლა აღარ დამუქრებია, მაგრამ სამაგიეროდ, თუ ასე გაგრძელდა, მარგველები "სამტედიასთან" სათამაშოდ ვეღარ გავლენ.

"ლელო" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა...


- ამ დროისათვის კლუბის ანგარიშზე ერთი ლარიც კი არ არის. ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან არის დაპირება 200 ათასი ლარის ჩარიცხვის თაობაზე, თუმცა ეს თანხა ჯერჯერობით არ ჩანს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით - ორი თვეა, ხელფასები არ დარიგებულა. არ ვიცი, ასე სადამდე შეიძლება გაგრძელდეს. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?!

- ხომ არ გქონიათ კავშირი ქალაქის ხელმძღვანელობასთან? რატომ ჭიანურდება ამ თანხის ჩარიცხვა?
- ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს რაიონის ხელმძღვანელობასთან, საკრებულოსთან... დაპირება არის, ამბობენ - ყველაფერი მოგვარებულიაო, თანხა კი არ ჩანს.

არ მესმის, რატომ ჭიანურდება ეს ყველაფერი? სხვა ქალაქებში არ არის ამის პრობლემა. პირიქით, ერთ დღეში მტკიცდება კლუბის ბიუჯეტი და მერე ამტკიცებენ კიდევ დანამატ თანხას.

- ხომ არ ემუქრებოდა საფრთხე "ზესტაფონი"-"სიონის" მატჩს?
- არა, როგორღაც მოვახერხეთ და მოვიძიეთ საიმისო თანხა, რომ გუნდი თბილისიდან ზესტაფონში გამგზავრებულიყო და იქ სასტუმროში დაბინავებულიყო, მაგრამ, თუ არაფერი შეიცვალა, "სამტრედიასთან" სათამაშოდ ვეღარ წავალთ.

ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთელებს რა ვუთხრა?! ბიჭებს თვალებში ვეღარ ვუყურებ... მათ უდიდესი მადლობა ეკუთვნით, ისევე, როგორც სამწვრთნელო შტაბს. ორი თვის განმავლობაში ცარიელ ენთუზიაზმზე თამაშობენ და ასეთ ვითარებაშიც კი გუნდში არნახული ერთსულოვნებაა.

იყო დრო, ჩვენი გაზრდილი ფეხბურთელები გვყავდა, ხუთჯერ მეტი ხელფასი ჰქონდათ და სხვანაირად იყო ყველაფერი...

- რას გულისხმობთ?
- არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, ერთხელ თვე-ნახევრით დაგვიანდა ხელფასი და ვარჯიში ჩაიშალა. არადა, ლაპარაკია იმ ფეხბურთელებზე, რომელთაც "ზესტაფონმა" ბევრი მისცა...

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ თუნდაც ერთჯერადი დახმარების წესით, ფეროშენადნობთა ქარხანა გვერდით დაუდგეს კლუბს? ფაქტია - ილია კოკაიას გამოჩენამდე, თუ მცირე "გამონათებებს" არ ჩავთვლით, მუდამ ქარხანა იყო ქალაქის საფეხბურთო ძლიერების განმსაზღვრელი...
- ფეროშენადნობთა ქარხანა, ბოლო დრომდე, "ზესტაფონის" თამაშებზე 200-300 ბილეთს ყიდულობდა. ახლა კი, "ჩიხურასთან" თამაშზე, 150 ბილეთიც არ იყიდა. არადა, აქ ლაპარაკია მიზერულ თანხაზე. ძალიან მწყდება გული - როცა "ზესტაფონში" ყველაფერი კარგად იყო და გუნდი თამაშებს იგებდა, ვიპ-ლოჟაში ტევა არ იყო - არც შინ და არც სტუმრად. რაც ჩემპიონატი განახლდა, ხშირად მარტო მე და კორნელი კოკაია ვსხედვართ ვიპში, ილია კოკაიას ძმა, ვინც ბოლომდე მიდგას გვერდში. მაგალითად, ასე იყო ლანჩხუთში...

- სამაგიეროდ, გულშემატკივრებმა არ მიატოვეს "ზესტაფონი"...
- ეს ცალკე და განსაკუთრებული თემაა. "ჩიხურასთან" საშინაო მატჩში რომ ქომაგობა იყო, ისეთი კარგა ხანია, არ მინახავს. გასვლით მატჩებს რაც შეეხება, ლანჩხუთში თავიანთი ხარჯით ჩამოვიდნენ და თბილისშიც, "დინამოსთან" მატჩზეც. როცა "ზესტაფონი" ძველებურად ძლიერი იქნება, ამაში ფანების სოლიდური წვლილი უნდა დავინახოთ...

- ფაქტია, "ზესტაფონის" წარმატებული ყოფა ილია კოკაიას ფეხბურთში დაბრუნებისა და აქტიურობის გარეშე არ გამოდის. ვიცით, კოკაიასთვის ეს გუნდი შვილივითაა. თუ ესაუბრეთ მას?
- ილია კოკაია დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება თანაბარი დაფინანსება, იქნება ჩამოყალიბებული მიდგომა, თუ იქნება დაფასებული კერძო ინვესტორის ღვაწლი... მე მას რამდენჯერმე ველაპარაკე და უნდა დაგარწმუნოთ - ილია კოკაიას ძველებურად სტკივა "ზესტაფონი"...

 

იბეჭდება მცირე ცვლილებებით...

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო""

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015