Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.03.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელთა მე-300 გამარჯვება უმაღლეს ლიგაში

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 13 მარტს საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი, რიგით მეცხრამეტე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ადგილობრივმა ”ზესტაფონმა” ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4-2 დაამარცხა.

 

პირველ რიგში უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ისევ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება - მიუხედავად იმისა, რომ კლუბის მფლობელსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტს შორის იქნა მიღწეული ზეპირი შეთანხმება გუნდის ერთობლივად ფლობისა და საერთო ძალისხმევით დაფინანსების თაობაზე და კლუბმა მიმართა კიდეც მუნიციპალიტეტს თხოვნით კლუბის 50 % წილის ჩაბარების თაობაზე, გადაბარების პროცესი დღემდე ფერხდება ბიუროკრატიული ხასიათის მომენტების გამო.

 

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ვერ გამოდგება ნუგეშად გუნდის ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და პერსონალისათვის, რომლებსაც გასული თვის ხელფასი დღემდე აუღებელი აქვთ. უნდა ითქვას ისიც, რომ შექმნილი სიტუაციის უმოკლეს ვადებში მოუგვარებლობის შემთხვევაში, არსებობს იმის ძალიან დიდი საშიშროება, რომ "ზესტაფონი", რომელსაც ამ ეტაპზე მატჩებზე გასამგზავრებელი მინიმუმიც კი არ გააჩნია, ვერ მოახერხებს 18 მარტს სამტრედიაში დაგეგმილ მომდევნო ტურის შეხვედრაზე გამგზავრებას...

 

ასეთი უსიამოვნო პროლოგის შემდეგ, სიამაყით უნდა ვთქვათ იმის შესახებ, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, გუნდიც და მისი დამრიგებლებიც მწვანე მინდორზე გადიან, იქ "სულსა და გულს" დებენ და თავის ერთგული მაყურებლის პატივსაცემად დაუვიწყარ საფეხბურთო ზეიმსაც აწყობენ...

 

უნდა გითხრათ იმის შესახებ, რომ ბოლნისელებთან დღევანდელ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელთათვის რიგით მე-300 გახლავთ (სულ ზესტაფონელებს უმაღლეს ლიგაში 650 შეხვედრა აქვთ ჩატარებული). აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ "ზესტაფონმა" გასული წლის 6 ნოემბერს ცხინვალელთა ძლევის (3-0) შემდეგ პირველად მოახერხა ოფიციალურ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება.

 

მატჩი მასპინძელთათვის ძალიან უსიამოვნოდ დაიწყო - უკვე 6-ე წუთზე მოედნის მასპინძელთა ნახევარზე დაინიშნა თითქოს არცთუ სახიფათო სტანდარტი, რომელიც დათა სიჭინავას მიერ საკმაო დისტანციიდან ძალიან ძლიერად და ზუსტად შესრულებული დარტყმით დაგვირგვინდა...

 

ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოვლენათა ასეთ განვითარებას ისინი არ შეუშინებია და 10-ე წუთზე ქვემოქართლელთა საჯარიმოში შექმნილი სახიფათო მომენტისას ირაკლი სიხარულიძემ იმარჯვა და ანგარიში გაათანაბრა. გატანილი გოლით შეგულიანებული მასპინძლები მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ და 27-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ დუბლის ავტორობაც გაიფორმა - იმერელთა ფორვარდმა დამატებაზე თამაშისას ყველას აჯობა და თავის საქმე ცივსისხლიანად გააკეთა...

 

ზესტაფონელები არც დაწინაურების შემდეგ მოშვებულან და ტაიმის ბოლომდე "სიონის" კართან კიდევ რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს. საინტერესოა, რომ აქედან ორ ეპიზოდში იმერლები და მათი ქომაგი პენალტის დანიშვნასაც ელოდნენ, თუმცა, წინა მატჩების მსგავსად, ეს მოლოდინი ამაო გამოდგა...

 

მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრები გააქტიურდნენ და მასპინძელთა დაცვა რამდენიმე ეპიზოდში აანერვიულეს კიდეც. რაც შეეხება მარგველებს, მათ თამაში თავის საჯარიმოს მისადგომებს თანდათან მოაშორეს და 58-ე წუთზე ანგარიშში თავის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადეს - მიზანს ოთარ ხიზანეიშვილის მიერ ოსტატურად შესრულებულმა საჯარიმომ მიაღწია.

 

67-ე წუთზე ზემოიმერელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა - ჯერ ცენტრიდან, ბოლოს კი შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განვითარებული მასპინძელთა შეტევა ზუსტი დარტყმით გუნდის კაპიტანმა, გიორგი ილურიძემ დააგვირგვინა. ზესტაფონელებს კიდევ უფრო დაწინაურების რამდენიმე კარგი შანსიც მიეცა, თუმცა საბოლოოდ, მათ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.

 

სამაგიეროდ, მატჩის 90-ე წუთზე ანგარიშის შემცირება ქვემოქართლელებმა მოახერხეს - გოლი გიორგი მიქაბერიძემ გაიტანა. უნდა აღინიშნოს ის, რომ ბოლნისელთა ნახევარმცველმა, რომელსაც თავის დროზე ზესტაფონელთა რიგებშიც უასპარეზია, ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღუნიშნავს. მასპინძელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება - 4-2.

 

 

 

 

13.03.2015. ”ზესტაფონი” - ”სიონი” (ბოლნისი) 4-2

დაწვრილებით:

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015