Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.03.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ მათე კვირკვიასთან

 

ყველას დიდ ბრძოლას ვპირდებით!

 

 

 

 

 

 

მათე კვირკვია
 

ბოლო დროის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი პერსპექტიული ფეხბურთელი მათე კვირკვია ჩვენი თვალთახედვის არედან გაქრა. თითქოს, მისი გადასვლა ყაზახურ "აქტობეში" გადაწყვეტილი ამბავი იყო, თუმცა ის არც ყაზახურ კლუბში გამოჩენილა.

ამის შემდეგ ფეხბურთელის კვალს ვერსად მივაკვლიეთ. ისე გამოვიდა, რომ მათეს მომავალზე საუბარს და მისი ადგილსამყოფელის დაკონკრეტებას ყველა ერიდებოდა.

და აი, მოულოდნელად, კვირკვიამ შეცვლაზე ითამაშა თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში და გიორგი მიქაძის გაწვრთნილ "ზესტაფონს" საგოლე პასითაც შეეწია.


სად იყო კვირკვია ამდენ ხანს? პირველად ფეხბურთელს ეს კითხვა დავუსვით და ძალიან საინტერესო ამბებიც შევიტყვეთ...

- საქმე ისაა, რომ ყაზანის "რუბინს" შევუერთდი თურქულ შეკრებაზე. ვვარჯიშობდი როგორც ძირითად გუნდთან, ისე დუბლებთან ერთად. ზაფხულში ყაზანელები გერმანიაში მოემზადებიან. იქ ჩავალ და იმედი მაქვს, კონტრაქტსაც დავიმსახურებ.

- როგორი სიტუაცია დაგხვდათ ყაზანურ კლუბში?
- ძალიან კარგი. ჯერ ერთი, საბა კვირკველია და მამუკა კობახიძე მაგრად დამიდგნენ გვერდში. სხვა ფეხბურთელებიც. რუსული არ მესმოდა თავიდან და ყველა მეხმარებოდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი დინიარ ბილიალეტდინოვი ძალიან კარგი, უშუალო ადამიანია, ველაპარაკე და მითხრა, ზაფხულამდე ჯანზე მოდი და გელოდებით, შენი იმედი გვაქვსო. მეც თავს არ დავზოგავ.

- გულწრფელად გვითხარით, არ გაგიჭირდათ? თუნდაც ფიზიკურად...
- საქართველოს ჩემპიონატისგან ძალიან დიდი სხვაობა არ არის. მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაშია სოლიდური განსხვავება. ეს "რუბინის" მესამე შეკრება იყო. ძირითადად, ბურთთან ვვარჯიშობდით და არ გამჭირვებია... მჯერა, ზაფხულში კონტრაქტს დავიმსახურებ...

- სეზონის ბოლომდე "ზესტაფონში" ითამაშებთ?
- კი, "ზესტაფონში" ვიქნები. ძალიან კარგი, ერთ მუშტად შეკრული გუნდია. გიორგი მიქაძესთან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მიმუშავია. მადლობის მეტი რა მეთქმის - სულ ახალი მისული ვიყავი გუნდში და შეცვლაზე მათამაშა...

მგონი, "დინამოსთან" მატჩმაც გვიჩვენა, რომ ამ გუნდს ბევრი შეუძლია. თანდათან კიდევ მოვუმატებთ. შეთამაშების მომენტიცაა. მოკლედ, ყველას დიდ ბრძოლას ვპირდებით.

- როგორ გგონიათ, შეძლებს "ზესტაფონი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას?
- ჩემი აზრით, "ზესტაფონის" გავარდნა გამორიცხულია. აქვე მინდა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვუსურვო ჩემს ყოფილ კლუბს, "ვიტ ჯორჯიას", რომელმაც ძალიან ბევრი მომცა. ვიცი, ცოტა ნაწყენები არიან ჩემზე.

- რატომ?
- სეზონი რომ არ დავასრულე ამ გუნდში. მართლა ძალიან მიყვარს "ვიტ ჯორჯია", მაგრამ ზაფხულისთვის "ზესტაფონში" უკეთ მოვემზადები.

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო""

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015