Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.03.2015

 

 

 

 

 

 

 

 

დაძაბული მატჩი "დინამო-არენაზე"

 

 

 

 

 

 

 

 

2015 წლის 5 მარტს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მატჩები. თბილისის სტადიონმა "დინამო-არენამ" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის შეხვედრას უმასპინძლა - ადგილობრივი "დინამო" საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დაუპირისპირდა.

 

როგორც მოგეხსენებათ, საჩხერის "ჩიხურასთან" რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაში მიღებული ყვითელი ბარათების გამო დღეს ზესტაფონელებს დაცვის ხაზის ერთბაშად 2 მოთამაშე (ოთარ ხიზანეიშვილი და მალხაზ გაგოშიძე) აკლდათ. შესაბამისად, გუნდის დამრიგებელ გიორგი მიქაძეს შემადგენლობაში მნიშვნელოვანი გადაადგილებების განხორციელება მოუხდა.

 

სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე 3-ე წუთზე ანგარიშის გახსნაც მოახერხეს - მასპინძელთა დაცვის ხაზის ფეხბურთელთა უყურადღებობით კარგად ისარგებლა ზვიად სიხარულიამ, რომელმაც ბურთი დინამოელ სტეფან ბუკორაცს მოპარა, მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკასთან პირისპირ გავიდა და ამ უკანასკნელს შანსი არ დაუტოვა...

 

სტუმრები საკუთარ საჯარიმოში არც გატანილი გოლის შემდეგ ჩაკეტილან და მასპინძელთა შეტევებს საკმაოდ მწვავე კონტრაქციებით პასუხობდნენ. პირველი ნახევრის მანძილზე დინამოელებს ანგარიშის გათანაბრების განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი შესაძლებლობა არც მისცემიათ, თუმცა, მაშინ როდესაც ტაიმის ბოლო წუთი მიმდინარეობდა, შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კარგი შეტევა წამოიწყო ვახტანგ ჭანტურიშვილმა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში მყოფ ოთარ კიტეიშვილს გადააწოდა, ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ კი "მრგვალი საგანი" მანუელ ონვუს შეეხო და მის ფეხთან კონტაქტის შემდეგ დავით კუპატაძის კარში შეგორდა.

 

მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი თბილისელთა გარკვეული უპირატესობით წარიმართა. მასპინძელთა რამდენიმე უშედეგო შეტევის შემდეგ, 58-ე წუთზე მათ დაწინაურებაც მოახერხეს - თბილისელთა სწრაფი იერიში დავით ლომაიამ საკუთარ საჯარიმოში წესის დარღვევით შეაჩერა და თბილისელმა არბიტრმა ლაშა სილაგავამ უყოყმანოდ დანიშნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც გოლად ისევ ესპანელმა ლეგიონერმა მანუელ ონვუმ აქცია.

 

სტუმრები მოვლენათა ასეთ განვითარებას არ შეუშინებია. მეტიც, შეხვედრის 70-ე წუთზე იმერლებმა სწრაფი იერიში განახორციელეს - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან მასპინძლეთა საჯარიმოს სიღრმეში კარგი გადაცემა მათე კვირკვიამ გააკეთა, იქ კი ყველას გურამ  სამუშიამ დაასწრო და ბურთი "დინამოს" დაუცველ, გოლკიპერისაგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა.

 

და მაინც, 73-ე წუთზე მასპინძლები ისევ წინ გავიდნენ - მიზანს სტუმართა საჯარიმოს ხაზთან ახლოს დანიშნული სტანდარტული მდგომარეობიდან ლაშა თოთაძის მიერ განხორციელებულმა უძლიერესმა დარტყმა მიაღწია. რაც შეეხება მატჩის დარჩენილ წუთებს, მარგველებმა ისინი შეტევაში გაატარეს და რამდენიმე ეპიზოდში სახიფათოდ შეუტიეს კიდეც "დინამოს" კარს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით - 3-2.

 

 

05.03.2015. ”დინამო” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 3-2

დაწვრილებით:

 

 

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
გიორგი მიქაძე ("ზესტაფონი"):
"ვფიქრობ, ძალიან დაძაბული და თვალსასეირო თამაში გამოდგა. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. უნდა ვაღიარო, რომ ამ ეტაპზე თბილისის "დინამო" ჩვენზე უკეთესადაა მომზადებული. მოკლე დროში, რაც გვქონდა მოსამზადებლად და იმ მძიმე სიტუაციაში, რომელშიც ჩვენი გუნდი იმყოფება, ფეხბურთელთა ესეთი თავდადება დასაფასებელია და ამიტომ მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო. "დინამოს" კი ვულოცავ გამარჯვებას, სატურნირო ცხრილში დაწინაურებას და წარმატებას ვუსურვებ ამ კლუბს".

კახა გოგიჩაიშვილი ("დინამო"): "ამ გუნდებს შორის თამაში ყოველთვის დაძაბული და განსაკუთრებულია. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა. კარგია რომ მოვიგეთ, მაგრამ ძალიან უკმაყოფილო ვარ ზოგიერთი ფეხბურთელის ქმედებით და რამდენიმე მათგანთან უმკაცრესი საუბარი მექნება. "ზესტაფონს" წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ უკეთეს შედეგებს მიაღწევენ".

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის ფოტო
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015