მიმდინარე წლის 1 მარტს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრები ჩატარდა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ მარგველთა დაპირისპირებაში ”ზესტაფონმა” საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” უმასპინძლა.
ზემოიმერული გუნდების დაპირისპირებას ზესტაფონში მშვენიერი ამინდი დაემთხვა. განახლებულ ჩემპიონატს ორივე გუნდი გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. მოგეხენებათ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” არც თუ ისე კარგი დროება უდგას. ქვეყნის ორგზის ჩემპიონისა და ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური კლუბის ირგვლივ სიტუაცია ჯერ კიდევ გაურკვეველია.
თუმცა, საქმე უკვე იმედიანადაა და უახლოეს ხანში კლუბის მფლობელი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ოფიციალურად გადაინაწილებენ ფუნქციებს და ერთობლივად გააგრძელებენ გუნდის პატრონობას. იმედია, ამით “ზესტაფონის” ფინანსური პრობლემები დასრულდება და ეროვნულ ჩემპიონატში ისევ ძველი შემართების გუნდს ვიხილავთ...
მატჩი ორივე გუნდმა მხნედ დაიწყო, თუმცა სადებიუტო წუთებში ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო რამე ღირებულის შექმნა. დროის ამ მონაკვეთში ბრძოლა მოედნის შუაგულის დასაპატრონებლად მიდიოდა. პირველი სახიფათო მომენტი სტუმართა კართან მე-15 წუთზე შეიქმნა, როდესაც ზესტაფონელთ ახალწვეულმა ჯონი ჯერემიამ მოედნის ცენტრში მანჯგალაძის პასი ჩაჭრა და სწრაფი იერიში წამოიწყო. ნიგერიელმა ფორვარდმა ილურიძეს კარგი პასი მიაწოდა და ქვილითაიასთან გასვლის შანსიც მისცა, მაგრამ ფეროელთა კაპიტანმა მცველებთან დუელში ბურთი ვეღარ მოიხელთა.
თითქმის მაშინვე (მე-16 წუთი), საჩხერლები საკუთარი საჯარიმოს მხარეს, აუტის მოწოდებისას შეცდნენ. კერძოდ, სერგეი ლუბჩაკი დაიბნა და ბურთი ფაქტობრივად ირაკლი სიხარულიძეს ჩააბარა, მანაც მახვილი კუთხიდან კარიდან გამოჭრილ ქვილითაიას ფეხებს შორის გაუტარა, შემდეგ კი ბურთიანად საჩხერელთა ცარიელ კარში შევიდა – 1:0.
ანგარიშის გახსნის შემდეგ თამაში იმავე ტემპით და სცენარით განახლდა. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში “დავით აბაშიძეზე” საინტერესო არაფერი მომხდარა, მორიგი სახიფათო დარტყმა კი ისევ სტუმართა კარის მიმართულებით იყო: სიხარულიამ საჯარიმო შეასრულა ოსტატურად, მაგრამ ქვილითაიამ ყოველგვარი რისკის გარეშე ბურთი კუთხურზე გადააგდო.
ტაიმის მიწურულს საჩხერელები გააქტიურდნენ და შეძლეს კიდეც მოწინააღმდეგისათვის საფრთხის შექმნა. პირველად დეკანოიძემ დაარტყა ზესტაფონელთა კარის მიმართულებით საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ მასპინძელთა კიპერმა კუპატაძემ უშეცდომოდ ითამაშა. ცოტა ხანში საჩხერელებმა გარღვევაზე დეკანოიძე გაიყვანეს, მას ბურთამდე კუპატაძემ მიასწრო, მაგრამ კარის დარაჯმა ხეირიანად ვერ მოიგერია და შანსი მიეცა ტროიანოვსკის, რომლის დარტყმულიც რობაქიძე შეეხო ფეხზე და სიტუაციაც განიმუხტა.
ბოლო სახიფათო შეტევის მცდელობა მაინც ზესტაფონელებს ჰქონდათ, როდესაც ილურიძე კარგად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ მან კარგად ვერ მიაწოდა ჯერემიას, თორემ სტუმართა კარს საფრთხე ისევ შეექმნებოდა.
მეორე ტაიმი საჩხერელი მცველების დაბნეულობითა და მასპინძელთა უაღრესად სახიფათო შეტევით დაიწყო. ჯონი ჯერემიამ ისარგებლა მოწინააღმდეგეთა შეუთანხმებელი მოქმედებებით და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ქვილითაია ჩაუწვა, დამატებაზე კი ილურიძე ცდილობდა გატანას, მაგრამ მას უკნიდან ჩაუვარდნენ ფეხებში და ზესტაფონელთა კაპიტანი წაიქცა... არბიტრმა შეხვედრის გაგრძელება ბრძანა, რითაც მასპინძელთა ქომაგების დიდი გულისწყრომა გამოიწვია.
ამის შემდეგაც, რამდენიმე საჭოჭმანო გადაწყვეტილების შემდეგ, დავით სანოძეს ქომაგთა რისხვა ატყდებოდა თავს. საერთოდ, მეორე ტაიმში მოედანზეც და ტრიბუნებზეც სიტუაცია პირველთან შედარებით დაძაბული იყო. მოედანზე ეს ყვითელ ბარათებში აისახა, ხოლო ტრიბუნებზე ადგილი ჰქონდა კონფლიქტის დაწყების მცდელობას (მას შემდეგ რაც გაფრთხილების მიუხედავად მაინცდამაინც ზესტაფონელ ქომაგთა სექტორში მსხდომმა სტუმართა გულშემატკივრებმა გატანილი გოლის შემდეგ ემოციები თავისებურად გამოხატეს), მაგრამ სამართალდამცველების დროული ჩარევის შედეგად სიტუაცია მალევე განიმუხტა.
54-ე წუთზე “ჩიხურას” მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ მოედანზე შეტევის გასაძლიერებლად შეუშვა თორნიკე მუმლაძე, რომელმაც დაახლოებით 40 წამში წონასწორობაც აღადგინა. საჩხერელთა ფორვარდმა ბურთი მოედნის სიღრმდან მიიღო, კუპატაძესთან პირისპირ დარჩა და ზუსტი დარტყმით “ზესტაფონის” კარის დარაჯს შანსი არ დაუტოვა – 1:1. არბიტრი ვერც ამ მომენტში გადაურჩა ზესტაფონელთა გულშემატკივრების წყრომას – ისინი არბიტრისაგან თამაშგარეს დაფიქსირებას ითხოვდნენ.
წონასწორობის აღდგენის შემდეგ საჩხერლები გააქტიურდნენ, თუმცა საგოლე მომენტები უფრო “ჩიხურას” კართან იქმნებოდა. ყველაზე აქტიური ამ მხრივ გახლდათ ირაკლი სიხარულიძე, რომელმაც 63-ე წუთზე თავური დარტყმა მცირედით ააცილა მოწინააღმდეგის კარს. სულ მალე საჩხერელთა კართან ზედიზედ ორი ფლანგური ჩაწოდება გაკეთდა. ორივე შემთხვევაში საკმარისი იყო, ან სიხარულიძეს, ან ჯერემიას ბურთისთვის მიმართულება შეეცვალათ, რომ გოლი გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერცერთმა ვერ შეძლო. 73-ე წუთზე ისევ სიხარულიძემ ითამაშა საჩხერელთა საჯარიმოში კარგად, მეურვე იოლად ჩამოიშორა და მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა - ქვილითაიამ მუშტებით უკუაგდო.
77-ე წუთზე მოედნის შუაგულში დიდებულად ითამაშა გაგოშიძემ, რომელმაც ზუსტი პასი გადააწოდა გიორგი ილურიძეს. თავის მხრივ, ზესტაფონელთა კაპიტანი შესანიშნავად გაისარჯა, დროული ყოვნით მეურვე ჩამოიშორა, ბურთიანად წინ გაიწია და საჯარიმოს ხაზს მიახლოებულმა მოხდენილი, მოჭრილი დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა – 2:1. ეს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ზესტაფონელთა მიერ გატანილი მე-1000 გოლი გახლდათ.
დარჩენილ დროში მასპინძლები ისევ მასიურ ზეწოლას ახდენდნენ მოწინააღმდეგის ნახევარზე და მეტოქეს საკუთარ ნახევარზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. საჩხერელებმა მხოლოდ არბიტრის მიერ დამატებულ დროში შეძლეს თამაშის გადატანა მოწინააღმდეგის მოედანზე და მესამე დამატებულ წუთზე დაახლოებით 27 მეტრიდან საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს.
სტანდარტული დარტმა ლაშა ჩიკვაიძემ შეასრულა უნაკლოდ და ცაციით ბურთი ზესტაფონელთა კარის “ცხრიანში” გაახვია – 2:2. ამ ლამაზი გოლით დასრულდა უხვგოლიანი და დრამატული იმერული დერბი.
მორიგ შეხვედრას ”ზესტაფონი” 5 მარტს თბილისში გამართავს. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში მარგველები ჩემპიონატის ლიდერს, საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” ესტუმრებიან.