Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.02.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ გიორგი ილურიძესთან

 

"ზესტაფონი" უკეთ ათამაშდება

 

 

 

 

 

 

გიორგი ილურიძე
 

მართალია, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” თავდამსხმელმა გიორგი ილურიძემ ეროვნული პირველობის პირველ წრეში ბოლომდე ვერ აჩვენა ის თამაში, რასაც მისგან გულშემატკივარი ელის, მაგრამ ისიც ნათელია, რომ მისი პოტენციალის ფეხბურთელი ჩვენს ჩემპიონატში თითებზეა ჩამოსათვლელი...

 

როგორც მოგეხსენებათ, ამ დღეებში სეზონის განახლებისათვის მზადების ფაგლებში იმერლებმა ორი საკონტროლო მატჩი გამართეს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ილურიძემ ამ შეხვედრებში თავის გამოჩენა 3 გატანილი გოლით მოახერხა...


- მიმდინარე სეზონში "ზესტაფონი" შენთვის უკვე მეორე გუნდია. ამიტომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, როცა "ზესტაფონში" ფინანსური პრობლემები შეიქმნა, უეფას წესის "სეზონში მხოლოდ ორი კლუბი" გამო სხვა კლუბში გადასვლას ვერ ახერხებდი და ხომ არ აპირებდი უეფასთვის გამონაკლისის დაშვება გეთხოვა, ანუ მიგეღო ნებართვა, ერთი სეზონის განმავლობაში მესამე კლუბში გეთამაშა?
- შეიძლებოდა, ამ თხოვნით მიმემართა უეფას შესაბამისი სამსახურისთვის, მაგრამ ეს აღარ გამიკეთებია. ჯერ ერთი, ასეთი პრეცედენტის დაშვების ძალიან მცირე შანსი იყო, მეორეც – გარანტირებული, კონკრეტული წინადადება არც ერთი გუნდისგან არ მიმიღია. ამიტომაც ისევ "ზესტაფონში" დარჩენა ვამჯობინე.


- მას მერე საკმაო დრო კი გავიდა, მაგრამ მაინც გავიხსენოთ, რატომ არ აეწყო შენი ხორვატიული კარიერა? მით უმეტეს, როცა "ჰაიდუკში" გადახვედი, ბრწყინვალე ფორმაში იყავი.
- თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო, ზაგრების "დინამოსაც" მოვუგეთ და რამდენიმე პრინციპული შეხვედრაც კარგად ჩავატარეთ, მერე კი საქმე გართულდა. მეც ტრავმას ტრავმაზე ვიღებდი, ამის გამო ბევრი თამაში გამიცდა და ადგილობრივ პრესაში იმასაც წერდნენ, ამხელა ხელფასი რომ აქვს, რატომ არ თამაშობსო. საბოლოოდ, წამოსვლა ვამჯობინე...


- რამდენიმე წლის წინ გორის "დილაში" თამაშობდი და სწორედ გორიდან მოხვდი "ჰაიდუკში". როგორ ფიქრობ, ამ პერიოდში ჩვენს ჩემპიონატში წინსვლა თუ არის?

- მაშინ დაფინანსების მხრივ, მგონი, უკეთესი სიტუაცია იყო და ჩემპიონობისთვისაც უფრო დიდი კონკურენცია იყო, პრაქტიკულად არ არსებობდა იოლი თამაშები. ახლა შედარებით სხვა სიტუაციაა, მაგრამ სათანადო ყურადღების შემთხვევაში დონე სწრაფად ამაღლდება.


- შენს დღევანდელ კლუბზე - "ზესტაფონზე" რას იტყვი?
- გუნდში დიდი გაურკვევლობა იყო, სერიოზული ცვლილებები მოხდა, ახლა კი ყველაფერი დარეგულირდა და ვემზადებით მეორე წრისთვის. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ლიდერებში მოხვედრა გაგვიჭირდება, მაგრამ შემადგენლობას თუ გადავხედავთ, გავარდნაზე საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს. ამიტომ, იმედია, პირველობის დასკვნით ნაწილს უკეთესად ჩავატარებთ.


- ისიც სათქმელია, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი გყავთ...
- გიორგი მიქაძე კარგი პიროვნებაა და მასთან მუშაობა ძალზედ კომფორტულია. მართალია, მას ასეთ დონეზე დებიუტი აქვს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გეგუჩაძესთან და ასაკობრივ ნაკრებში დევდარიანთან მუშაობით საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. მჯერა, ერთმანეთის გვერდში დგომით სასურველ შედეგს მივაღწევთ.


- თემურ ქეცბაიამ რამდენჯერმე გამოგიძახა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ნაკრებში არ გითამაშია. კვლავ თუ გაქვს ეროვნულ გუნდში მოხვედრის იმედი?
- ახლა მთავარია, ჩვეულ ფორმაში ჩავდგე და დანარჩენი უკვე მწვრთნელზეა დამოკიდებული. იმედი კი ნამდვილად მაქვს, რადგან ნაკრებში თამაში კვლავაც რჩება ჩემს ოცნებად.


- ნაკრებზე რომ ოცნებობ, ეს ბუნებრივია, ახლა კი, მოდი, ერთი ჰიპოთეტური ვარიანტიც განვიხილოთ: დავუშვათ ასარჩევად გაქვს საქმე, ევროპული ქვეყნის რომელ ჩემპიონატში ისურვებდი თამაშს?
- რა თქმა უნდა, ესპანეთის პრიმერადივიზიონში. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე საინტერესო ლიგაა. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუკი ოდესმე იქ თამაშის შანსი მომეცემა.

 

იბეჭდება მცირე ცვლილებებით ...

პაატა ძნელაძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ჩვენი თამაში""

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015