Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.02.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ამხანაგური მატჩი თბილისელ სტუდენტებთან

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 7 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - ზესტაფონელთა თბილისის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში მარგველები პირველი ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ ”სტუ-ნორჩ დინამოს” დაუპირისპირდნენ.

 

იმერული გუნდის დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ მოედანზე შემდეგი შემადგენლობა გაიყვანა: კუპატაძე (ზუროშვილი, 46), მთივლიშვილი (ბენაშვილი, 46), რობაქიძე (ქურდაძე, 46), ხიზანეიშვილი (ლომაია, 46), ვ. ხორგუაშვილი (მჭედლიშვილი, 46), ნემსაძე (მარაქველიძე, 46), გაჩეჩილაძე (გაგოშიძე, 46), რაჟამაშვილი (შენგელია, 46), პ. ხორგუაშვილი (მესხი, 46), სამუშია (ხაბელაშვილი, 46), ჯერემია (ილურიძე, 46).

 

იმერლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე 2-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს - გოლი მეკარესთან პირისპირ გასულმა დავით რაჟამაშვილმა გაიტანა. მატჩი ამის შემდეგაც "ზესტაფონის" უპირატესობით წარიმართა - მარგველები სახიფათო მომენტებს მრავლად კი ქმნიდნენ, თუმცა გურამ სამუშიას, დავით რაჟამაშვილისა და ჯონი ჯერემიას დარტყმებს სიზუსტე აკლდა...

 

მეტოქის ნახევარზე გადასვლა სტუდენტებმა მხოლოდ ტაიმის მიწურულს მოახერხეს, სამაგიეროდ პირველივე მათი მცდელობა წარმატებული გამოდგა - 37-ე წუთზე მიზანს ლევან მაჭავარიანის უძლიერესმა დარტყმამ მიაღწია. 40-ე წუთზე ზესტაფონელები ისევ წინ გავიდნენ - ამჯერად გურამ სამუშიას თავური დარტყმა "სტუ"-ს გოლკიპერისათვის აუღებელი აღმოჩნდა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში (48-ე წუთი), ივანე ხაბელაშვილის კარგი გარღვევის, ზუსტი გადაცემისა და გიორგი ილურიძის თავურის შემდეგ, ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდა. ამის შემდეგ კი იმერლებმა რატომღაც ნაადრევად ირწმუნეს, რომ მატჩი მოგებულია და ამისთვის მალევე დაისაჯნენ კიდეც - თბილისელთაგან ერთ-ერთმა გამორჩეულმა დათა მიქაძემ 55-ე და 59-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლი შეასრულა და ანგარიში საყაიმო გახადა.

 

მოვლენათა ასეთმა მოულოდნელმა განვითარებამ უკვე ზესტაფონელები შეაგულიანა - მათ მატჩის დასკვნითი ნაწილი მეტოქის ნახევარზე იერიშებში გაატარეს. რაც შეეხება იმერელთათვის გამარჯვების მომტან გოლს, ის 70-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გიორგი ილურიძემ გაიტანა - 4-3.

 

მორიგ საკონტროლო შეხვედრას ზესტაფონელები 11 თებერვალს გამართავენ - მარგველები რუსთავის საფეხბურთო კლუბ "მეტალურგს" დაუპირისპირდებიან.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015