2015 წლის 4 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ახალ წელიწადში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონელთა თბილისის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ზემოიმერლები პირველი ლიგის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელთათვის დღევანდელი შეხვედრა ზამთრის პაუზისა და ბოლო პერიოდში განვითარებული უსიამოვნო ამბების შემდეგ გამართული პირველი მატჩი გახლდათ. იმერული გუნდის დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ საქმეში არაერთი ფეხბურთელი იხილა და ტაიმები ერთმანეთისაგან განსხვავებული შემადგენლობებით ჩაატარა...
თავის მხრივ, გაგრელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: დობორჯგინიძე, კოკოზაშვილი, ხუხუა, ჭაავა, ჭაბუკიანი, ლეთოდიანი (გაბესკირია 33), ჩიკვაიძე, ლაცაბიძე (კალანდარიშვილი 33), ხოსიტაშვილი, კვიჟინიძე, ბებია. მეორე ტაიმში მოედანზე შევიდნენ: კიკნაძე, ბარამიძე, იგუმენოვი, შენგელია, ფირცხალაიშვილი.
2015 წელს გამართულმა იმერელთა პირველმა შეხვედრამ გულშემატკივართა და ფეხბურთის სპეციალისტთა საკმაო ინტერესი გამოიწვია - მატჩს 100-მდე მაყურებელი დაესწრო... თავად მატჩი "ზესტაფონის" უპირატესობით წარიმართა და უკვე 13-ე წუთზე მასპინძლები გიორგი ილურიძემ დააწინაურა - იმერელთა ფორვარდმა ზღვისპირელთა გოლკიპერის უყურადღებობით ისარგებლა და თავის გუნდი წინ გაიყვანა...
როგორც უკვე მოგახსენეთ, შესვენებისას გიორგი მიქაძემ თერთმეტივე ფეხბურთელი შეცვალა. უნდა ითქვას, რომ ამას მატჩის მიმდინარეობაზე დიდად არ უმოქმედია. ზესტაფონელები ისევ აქტიურობდნენ და 58-ე წუთზე, მარგველთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემის შემდეგ, ექს-გაგრელმა ჯონი ჯერემიამ თავის ახალი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. მიმდინარე წელიწადში მარგველთა პირველი გამარჯვება - 2-0.