Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

31.01.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"ჩვენი თამაშის" პუბლიკაცია

 

ეჭვი არ გვეპარება, რომ ქომაგები გაგვიგებენ და კვლავაც ჩვენს გვერდით იქნებიან

 

 

 

 

 

 

გიორგი მიქაძე
 

"ზესტაფონს", ცნობილ მიზეზთა გამო, ძნელი დროება უდგას, მაგრამ ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ უძლიერესთა რიგებში ადგილი შეინარჩუნოს. ახლახან გუნდის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი მიქაძე დაინიშნა, რომელიც წლებია, გუნდში მუშაობს. იგი სეზონის მეორე ნახევარს საკმაოდ ოპტიმისტურად ხვდება.


- "ზესტაფონი" საკმაოდ რთულ პერიოდში ჩაიბარეთ. რას უნდა ველოდოთ გუნდისგან მეორე წრეში?
- საღად მოაზროვნე ხელმძვანელობა გვყავს და იმ პირობებში, როდესაც ზესტაფონიდან ლამის მთელი ბირთვი წავიდა, მიზანიც, შესაბამისად, რეალური უნდა იყოს. ახლა მთავარია, ახალი გუნდი აშენდეს, მაღალ მიზნებზე ფიქრი და ბრძოლა კი ამჟამად ძალიან რთულია, მაგრამ ფეხბურთელების განწყობა მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ყველაფერი სიტუაციის შესატყვისი გეგმის მიხედვით განვითრდება.


- ანუ მიმდინარე ჩემპიონატში ზესტაფონის მიზანი უძლიერესთა შორის დარჩენა იქნება?
- დიახ, ასეა, ახლა მთავარია, უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ.


- გუნდი არაერთმა ნაცადმა ფეხბურთელმა დატოვა. ფინანსური პირობებიც არ გაქვთ იდეალური... ხშირად ხდება, რომ ასეთ ვითარებაში აქცენტს ძირითადად ახალგაზრდებზე აკეთებენ. თქვენ შემთხვევაშიც ასე იქნება?
- რა თქმა უნდა, ახალგაზრდებსაც მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ძირითადად გამოცდილ მოთამაშეებზე ვაპირებთ დაყრდნობას, რადგან ამ ეტაპზე გვაქვს კონკრეტული მიზანი - ადგილის შენარჩუნება უმაღლეს ლიგაში, ასეთ სიტუაციაში კი შესაძლოა სწორედ გამოცდილება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ფაქტორი.


- უმაღლესი ლიგის კლუბების უმრავლესობა თურქეთის ზღვისპირეთში ემზადება, ზესტაფონი კი, წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოში ვარჯიშობს... არადა, ზესტაფონელებისთვის თურქეთში კი არა, ესპანეთში სამზადისიც არ იყო უცხო...
- სამწუხაროდ, ახლანდელმა ფინანსურმა მდგომარეობამ არ მოგვცა იმის საშუალება, რომ უცხოეთში წავსულიყავით, მაგრამ თბილისშიც ნაყოფიერად ვემზადებით. საკმაოდ კარგ მოედანზე ვვარჯიშობთ და გუნდში შექმნილი ატმოსფეროც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.


- ბოლო წლებში ზესტაფონი ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი და საერთოდაც მაღალი ადგილებისთვის იბრძოდა, ახლა კი გუნდის წინაშე რადიკალურად შეცვლილი ამოცანაა. როგორ ფიქრობთ, არის იმის საფრთხე, რომ კლუბის ერთგულ გულშემატკივრებს ინტერესი გაუნელდეთ?
- უკვე წლებია, რაც ამ გუნდში ვარ და კარგად ვიცი, რომ ჩვენი ქომაგები არა მხოლოდ სანიმუშოდ ერთგულნი, არამედ ძალიან ობიექტურებიც არიან. ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი გაგვიგებენ, ყველაფერს სწორად შეხედავენ და კვლავაც ჩვენს გვერდით იქნებიან.


- ჯერ ფეხბურთელის, შემდგომ კი მწვრთნელის რანგში ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს, ასე ვთქვათ, შიგნიდან ადევნებთ თვალს. რას ფიქრობთ, ეტყობა თუ არა უკეთესობა ჩვენს ჩემპიონატს და რა აზრის ხართ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის თექვსმეტამდე გაზრდაზე?
- გუნდების რაოდენობის გაზრდის, ანუ ჩემპიონატის გეოგრაფიის გაფართოების შედეგები სეზონის ბოლოს შეფასდება და, ვფიქრობ, საფუძვლიანი მსჯელობის საგანიც გახდება, ცხადია, რომ სათანადო დასკვნებიც გაკეთდება...

 

ახლა კი ერთს ვიტყვი: აშკარაა, რომ არაერთ გუნდში ჯერაც ჩემი ასაკის ფეხბურთელები არიან ლიდერები. რა თქმა უნდა, არიან ნიჭიერი ახალგაზრდებიც და დარწმუნებული ვარ, თავის სათქმელს ისინი აუცილებლად იტყვიან. მათ ერთ რამეს ვურჩევ: თუ მათთვის პრიორიტეტი ფეხბურთის სიყვარული იქნება, ეს აუცილებლათ დაუფასდებათ. მესის, რა, ტიტულები აკლია თუ ფული, მაგრამ მოედანზე კვლავაც ფეხბურთის სიყვარულით გადის და ყველაფერს აკეთებს თუნდაც რიგითი კალენდარული თამაშების მოსაგებად. კი, დღეს შეიძლება ისე იყოს საქმე, რომ მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე თამაშობდე, მაგრამ ეს თავის შედეგს აუცილებლად მოიტანს.

პაატა ძნელაძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ჩვენი თამაში "

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015