28.01.2015
ინტერვიუ გიორგი მიქაძესთან
"ეს "ზესტაფონია" და მხოლოდ უმაღლესში ადგილისთვის ვერ ვიბრძოლებთ!"
"ზესტაფონი" ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. როგორც იქნა, დასრულდა გაურკვევლობა, რომელმაც იმერული კლუბის გულშემატკივრები ძალიან დაღალა. 27 იანვარს "ზესტაფონმა" თბილისის ზღვასთან მდებარე საკუთარ ბაზაზე პირველად ივარჯიშა ახალი დამრიგებლის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით.
ცხადია, "ზესტაფონის" შემადგენლობაში ბევრი ახალი სახეა. 34 წლის მწვრთნელს მართლაც დიდი სამუშაოს შესრულება მოუწევს საიმისოდ, რომ გუნდმა დასახული მიზანი გადაჭრას და სულ მცირე, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში შეინარჩუნოს ადგილი.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ გიორგი მიქაძეს ინტერვიუ ვთხოვეთ:
- დღეს პირველი ვარჯიში ჩავატარე უმაღლესი ლიგის კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული შეგრძნებაა. ისიცაა, რომ ძალიან მოკლე დროში გვიწევს გუნდის ჩამოყალიბება.
ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად ავიღე პასუხისმგებლობა. როცა ამ შეთავაზებას ვთანხმდებოდი, ვიცოდი, რა სირთულეებთან იქნებოდა ყოველივე ეს დაკავშირებული. მზად ვარ იმ დიდი გამოწვევისთვის, რასაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელობა ჰქვია.
- რა იქნება "ზესტაფონის" მიზანი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება?
- ჩვენს გუნდში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო პრიორიტეტები ცოტა შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ვიცით, სად ვართ. ვიცით, რომ ეს "ზესტაფონია" და გვესმის, რომ მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ვერ ვიბრძოლებთ.
- გუნდში ახალი ფეხბურთელები კიდევ გამოჩნდებიან?
- ცხადია. რამდენიმე მოთამაშესთან მიდის მოლაპარაკება. არ გვინდა ჯერ დაკონკრეტება. ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა კლუბები ამა თუ იმ ფეხბურთელთან დაკავშირებით.
- ქართველი გულშემატკივარი თქვენს სამწვრთნელო ხედვას ნაკლებად იცნობს. როგორი ფეხბურთის მიმდევარი ხართ?
- უკვე კარგა ხანია, ვმუშაობ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში და ამავე დროს, "ზესტაფონის" დუბლებში. ჩემი სამწვრთნელო ფილოსოფია ჩამოყალიბდა გიორგი დევდარიანთან და გია ცეცაძესთან ერთად.
19-წლამდელებში მუშაობისას არც ერთ მეტოქესთან, თვით გერმანიასთანაც კი, არ გავსულვართ სათამაშოდ ბედს შეგუებულნი. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი სამწვრთნელო ფილოსოფიის დედააზრი - ეს არის აგრესიული შეტევა. შემტევ აგრესიას მინდორზე ძალიან ბევრი მოაქვს. თუ არ შეუტიე, გოლს ვერ გაიტან. ეს აქსიომაა.
და კიდევ - მიყვარს ნიჭი, როგორც ფეხბურთელის ერთ-ერთი მთავარი ღირსება.
- ერთ პრობლემატურ საკითხს უნდა შევეხოთ. ზესტაფონში მუდამ უხაროდათ გუნდის წარმატებები, მაგრამ ამავე დროს, იმასაც ამბობდნენ, რომ "ზესტაფონის" შემადგენლობაში არ თამაშობდნენ ადგილობრივი ფეხბურთელები. როგორ იქნება თქვენი მწვრთნელობისას?
- ვისაც უნახავს ჩემ მიერ გაწვრთნილი დუბლშემადგენლობის თამაში, ზესტაფონელ ფეხბურთელთა ნაკლებობაზე ვერ დაიჩივლებს. რა თქმა უნდა, შანსი ყველას ექნება. ჩემთვის არ არსებობს ჩამოსული და ადგილობრივი - მთავარია, დავინახო ნიჭი, მთავარია, ფეხბურთელი გუნდს გამოადგეს.
- "ზესტაფონმა" სეზონის განახლებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. ზოგიერთი შიშობს, რომ გუნდი დაშორდება მშობლიურ ქალაქს...
- კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით. "ზესტაფონი" ითამაშებს მხოლოდ ზესტაფონში. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით და კიდევ ერთი - ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია ზესტაფონელმა ქომაგმა. მათგან ამ 3 წლის განმავლობაში ვიგრძენი უზარმაზარი სიყვარული და პატივისცემა.
მეორე მომენტია ის, რომ ჩვენი გულშემატკივარი ძალიან კარგად ერკვევა ფეხბურთში, ერთობ გემოვნებიანია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ "ზესტაფონის" მწვრთნელი ვარ. მოქმედი ფეხბურთელობის დროსაც მითამაშია ამ სტადიონზე და მათ იციან ფეხბურთელების, თუნდაც მოწინააღმდეგის დაფასება და ტაშით გაცილება.
სხვათა შორის, უახლოეს მომავალში ვაპირებ გულშემატკივრებთან შეხვედრას. მართლა ძალიან ბევრი საქმეა, თუმცა საამისოდ დრო უნდა გამოვნახოთ, რადგან ეს გუნდი არის გულშემატკივრების, ფეხბურთი კი მათ გარეშე არაფერია.
- ორიოდ სიტყვით თქვენს სამწვრთნელო შტაბზეც გვითხარით...
- ჩემი ასისტენტები ლევან ბაჯელიძე და ბორის გონჩაროვი იქნებიან. მეკარეებს აჩიკო ღურწკაია გაწვრთნის. ჩვენ ერთნაირად გვესმის ფეხბურთი და იმედი გვაქვს, ერთობლივი მუშაობა წარმატებული იქნება "ზესტაფონისთვის".
- ფაქტია, გუნდი ვერ ახერხებს თურქულ შეკრებაზე წასვლას. ვაკუუმი როგორ უნდა შეავსოთ?
- საქართველოშიც დარჩნენ გუნდები და მათთან ვაპირებთ ამხანაგური შეხვედრების ჩატარებას. დრო აღარ ითმენს, მალე უნდა დავგეგმოთ ეს მატჩები და ამ კუთხით უკვე დაწყებულია მუშაობა. ამ დღეებში ველით ახალ ფეხბურთელებსაც.
|
|