27.01.2015
”ზესტაფონი” მზადებას შეუდგა
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის სტარტისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი დღეს, 27 იანვარს, თბილისში შეიკრიბა - ზამთრის არდადეგებისა და კლუბში განვითარებული უსიამოვნო ამბების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე კლუბის ბაზაზე გაიმართა.
როგორც მოგეხსენებათ, ერთ თვეზე მეტია, რაც ზემოიმერულ კლუბში (სახელმწიფოს მხრიდან კლუბების არათანაბარი დაფინანსების გამო) უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა შეიქმნა. ზესტაფონის მუნიციპალურ ორგანოთა ხელმძღვანელ პირებთან კლუბის მენეჯმენტის ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, ჯერ კიდევ 2014 წლის მიწურულს იქნა მიღწეული შეთანხმება ზესტაფონში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების (სტადიონი და ბაზა) შესანახად, 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 300 000 ლარის გათვალისწინების შესახებ. უნდა ითქვას, რომ ეს თანხა საკრებულოს გადაწყვეტილებით ახალი წლის ბიუჯეტში უკვე ასახულია.
რაც შეეხება თავად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სპორტული შემადგენელის (პირველი, მეორე და ჭაბუკთა გუნდები) ფინანსირებას, რამდენიმე დღის წინ მუნიციპალური ორგანოების ხელმძღვანელებმა გააჟღერეს მზაობა გუნდის საჭიროებისათვის 200 000 ლარის გამოყოფის შესახებ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერაც მოსაგვარებელია მუნიციპალიტეტისათვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, გუნდიც და ინფრასტრუქტურაც ისევ ფინანსური დახმარების მოლოდინშია.
ამის მიუხედავად, მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის მოახლოებული მატჩებისათვის გუნდის მოსამზადებლად, კლუბის მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გუნდის შეკრებისა და საწვრთნელი პროცესის დაწყების შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა აუცილებელი საორგანიზაციო ხასიათის საკითხის (სასტუმრო, გუნდის კვება და ა.შ.) ფინანსირება ჯერაც მოუგვარებელია, მზადების პირველი ეტაპი თბილისის ზღვასთან არსებულ "ზესტაფონის" ბაზაზე დაიგეგმა...
დღეიდან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს. 34 წლის სპეციალისტი გასულ ორ სეზონში "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობას ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ "ზესტაფონის" ახალ თავკაცს ზურგს საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრებში წარმატებით მუშაობის გამოცდილებაც უმაგრებს.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტთა პოზიციებზე დანიშნულნი არიან ლევან ბაჯელიძე და ბორის გონჩაროვი. ზემოიმერელთა მეკარეებს კი არჩილ ღურწკაია გაწვრთნის.
იქიდან გამომდინარე, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბს საკმაოდ მძიმე, მათ შორის სასელექციო ხასიათის სამუშაო მოუწევს, ჯერაც რთული სათქმელია თუ რა სახით წარსდგება მაყურებლის წინაშე სეზონის მეორე ნაწილში იმერული კლუბი. რაც შეეხება 27 იანვარს თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე სპორტული კომპლექსის "მინდორზე გამართულ ვარჯიშს, მასში მონაწილეობა გიორგი ილურიძემ, ნოდარ გაჩეჩილაძემ, გია მახათაძემ, დავით კუპატაძემ, მიხეილ ვაჭარაძემ, დემურ კანდელაკმა, მირიან რობაქიძემ, ალექსი ბენაშვილმა, არჩილ მესხმა, ივანე ხაბელაშვილმა, დავით ლომაიამ, გია ჭედიამ, ავთო ეგუტიძემ, ვალტერ და პავლე ხორგუაშვილებმა და სხვა ფეხბურთელებმა მიიღეს. უახლოეს დღეებში მზადების პროცესს ოთარ ხიზანეიშვილი, მალხაზ გაგოშიძე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი შეუერთდება...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც, ზამთრის არდადეგებისა და კლუბში განვითარებული ამბების შემდეგ, ზესტაფონელთა პირველი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს ...
|