10.01.2015
ამინდმა გეგმებში კორექტივები შეიტანა
"ზესტაფონისთვის" სასიცოცხლო მნიშვნელობის შეხვედრა 12 იანვარს გაიმართება
|
"ზესტაფონის" ბედი ამ დღეებში გადაწყდება
|
საზოგადოების მხრიდან საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო შექმნილი ვითარებისადმი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ იმერეთის მხარისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა იმერული კლუბის მფლობელ ბატონ ილია კოკაიასთან, რომელიც 10 იანვარს უნდა შემდგარიყო, ბუნებრივი პირობების გაუარესების გამო, გადაიდო. წინასწარი შეთანხმების თანახმდად, ჩვენი ქალაქისა და გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეს შეხვედრა მომავალი კვირის დასაწყისში, კერძოდ, 12 იანვარს გაიმართება.
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 იანვარს ზესტაფონში განვითარებული მოვლენების შემდეგ, დაიგეგმა შეხვედრა, რომელსაც იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, პარლამენტის წევრი, ზესტაფონელი შალვა კიკნაველიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია დაესწრებიან და კლუბში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის გზებზე ერთად იმსჯელებენ.
თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური მოვლენათა განვითარების შესახებ ინფორმაციით გულშემატკივარსა და ყველა დაინტერესებულ პირს ოპერატიულად მოამარაგებს.
|