09.01.2015
"ლელოს" პუბლიკაცია
რა მოხდება 10 იანვარს დანიშნულ შეხვედრაზე?
|
|
8 იანვარს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრები შეიკრიბნენ. მოგეხსენებათ, ბოლო დროს საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი "ზესტაფონი" ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დადგა. ჯერაც უცნობია, მიიღებს თუ არა გუნდი მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე...
სტადიონზე შეიკრიბნენ როგორც ძველი თაობის, ისე ახალგაზრდა ქომაგები. გაუსაძლისი სიცივისა და თოვლის მიუხედავად, ქალაქის მთავარ სპორტულ არენაზე ხალხმრავლობა იყო.
საკრებულოს წევრბის ერთ ჯგუფთან ერთად ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძეც მივიდა. შეკრებილები ტელეფონით ესაუბრნენ პარლამენტში ზესტაფონის დეპუტატ გოგი ქავთარაძეს.
ყველაზე საინტერესო იყო ის მომენტი, როცა შეკრებილებმა თავისი სურვილები სატელეფონო კავშირის მეშვეობით გააცნეს "ზესტაფონის" ყოფილ პრეზიდენტ ილია კოკაიას. კოკაიამ განაცხადა, რომ მზადაა, შეხვდეს ქალაქის ხელმძღვანელობას და ერთად მოინახოს შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის გზები.
როგორც ცნობილი გახდა, კოკაიას, ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ თუთარაშვილისა და ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძის შეხვედრა 10 იანვარს, საღამოს, თბილისში შედგება. დიდწილად სწორედ ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული, როგორი ამბიციითა და შემადგენლობით გააგრძელებს "ზესტაფონი" ასპარეზობას საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე.
ქომაგები იმედოვნებენ, რომ ამ შეხვედრაზე დასწრებას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილიც მოახერხებს. მით უმეტეს, როცა საქმე საფეხბურთო კლუბისთვის კონკრეტული თანხის გამოყოფას ეხება, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ვერ ამბობენ გადაჭრით, რა თანხით შეუძლიათ მათ საფეხბურთო კლუბის დახმარება.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას დაესწრნენ "ზესტაფონის" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის წევრები. იქვე შენიშნავდით დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებსაც, რომელთაც ცოტა ხნის წინ კლუბის ხელმძღვანელობამ გათავისუფლების ფურცლები დაურიგა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ "ზესტაფონის" გულშემატკივრებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს იმ მიზნით, რომ ხელისუფლებამ კერძო ინვესტორთან ერთად დროულად მოიძიოს კრიზისიდან გამოსვლის გზები. გაუსაძლის ყინვასა და თოვლში "ზესტაფონის" გულშემატკივრებმა მთელი ქალაქის მასშტაბით მოაწყვეს მსვლელობა. ფეხოსნებთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობდა მანქანების კოლონაც... მსვლელობა ქალაქის ცენტრში დასრულდა.
ახლა უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოკაიას ქართული ფეხბურთიდან წასვლა კი სურს, თუმცა მზადაა, "ზესტაფონს" თუნდაც დროებით დაუდგეს გვერდში.
მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქალაქის ხელმძღვანელობა დამატებით თანხას გამოყოფს კლუბის ნორმალური არსებობისთვის. და თუ ასე მოხდა, კოკაია საკუთარი სახსრებითაც (საუბარია სოლიდურ თანხაზე) შეეწევა "ზესტაფონს", ოღონდ, საამისოდ, ქალაქის შეფობის მხრიდან კონკრეტული ღონისძიებებია საჭირო.
ახლა უკვე შეგვიძლია დავწეროთ, რომ კოკაიასა და ადგილობრივ ხელისუფალთა შეხვედრისას აუცილებლად განიხილება ის მოდელი, რომელზეც "ლელო" რამდენიმე დღის წინათ წერდა. კერძოდ, საუბარი ეხება კლუბის 50/50-ზე პრინციპით დაფინანსებას.
აქციის დასრულების შემდეგ, საშუალება მოგვეცა, გავსაუბრებოდით მის რამდენიმე მონაწილეს.
კოტე ბოჭორიშვილი ("ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის ხელმძღვანელი):
"ჩვენ აქ შევიკრიბეთ საიმისოდ, რომ ქალაქში ფეხბურთი გადავარჩინოთ. სახელმწიფომ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა გუნდის გადარჩენის საქმეში. ვიმედოვნებთ, რომ "ზესტაფონს" ექნება ისეთი ამბიცია, როგორიც ჰქონდა მთელი არსებობის განმავლობაში. თქვენც ხედავთ, რამდენი ადამიანი შეიკრიბა აქ. ამ ქალაქისთვის ფეხბურთი ყველაფერს ნიშნავს".
ლაშა კიკნაველიძე (გულშემატკივარი):
"ჩვენთვის "ზესტაფონი" არ არის მხოლოდ გუნდი. ეს არის ცხოვრების წესი. ფეხბურთი იქცა ჩვენს ყოველდღიურობად და ეს ფაქტია. ჩვენს უკან დგას თაობა, რომელიც ფეხბურთზე იზრდება. მათთვის ეს მთავარი ფასეულობაა. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ქალაქი უფეხბურთოდ დარჩება. ეს არამც და არამც არ უნდა დავუშვათ".
გოგა სებისკვერაძე (გელშემატკივარი):
"ზესტაფონი" ყოველთვის ამბობდა თავის ომახიან სიტყვას ქართულ ფეხბურთში და სამომავლოდაც ასე უნდა იყოს. ვერ შევეგუებით ქალაქის უფეხბურთოდ დატოვებას. ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით".
მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ 10 იანვარს და თბილისში გასამართი მოლაპარაკების შედეგს.
|
|