Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.01.2015

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

 

როცა ქართულ ფეხბურთში უნდა შემოდიოდნენ ინვესტორები, პირიქით ხდება - აქედან გადიან

 

 

 

 

 

 

 

გია გეგუჩაძე
 

გია გეგუჩაძემ ხანგრძლივი დუმილი დაარღვია. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ადრე შეგვპირდა, რომ ნაახალწლევს ვრცელ ინტერვიუს მოგვცემდა და სიტყვა შეასრულა. გეგუჩაძესთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა, მით უმეტეს ახლა, როცა ქართულ ფეხბურთს უმძიმესი დროება უდგას.

ჩვენი საკლუბო ფეხბურთიდან ერთიმეორის მიყოლებით გარბიან კერძო ინვესტორები და აკი, სულ ცოტა ხნის წინათ გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილ "ზესტაფონსაც" უგანა ილია კოკაიამ...

სეზონის პირველ ნახევარში გეგუჩაძე არ დადიოდა პრესკონფერენციებზე, არ საუბრობდა მედიასთან. ახლა მიზეზებზე მარჩიელობას აზრი აღარ აქვს. ამიტომ სჯობს, პირდაპირ ინტერვიუზე გადავიდეთ...


- უპირველეს ყოვლისა, მინდა შობა-ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს; მშვიდობა, ხვავი და ბარაქა მინდა ვუსურვო ჩვენს სამშობლოსა და ხალხს. აქვე ვიტყვი, რომ ვეცდები, ამ ინტერვიუთი ხალხს საახალწლო განწყობა არ გავუფუჭო. უმჯობესი იქნებოდა, ჩვენი საუბარი ოდნავ მოგვიანებით შემდგარიყო, მაგრამ მახსოვს, რომ სიტყვა მოგეცით და ვასრულებ მას.

- ბატონო გია, ინტერვიუს დასაწყისში "ზესტაფონში" განვითარებულ მოვლენებზე ვისუბროთ...
- სამწუხარო ერთი რამაა: დღეს, როცა ქართულ ფეხბურთში უნდა შემოდიოდნენ ინვესტორები, პირიქით ხდება - აქედან გადიან. ეს ძალიან დამაფიქრებელი პროცესია. სულით და გულით მინდოდა, რომ "ზესტაფონი" კვლავ ანგარიშგასაწევი გუნდი ყოფილიყო და რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ კიდეც საამისოდ, თუმცა...

შექმნილ სიტუაციაში მე ვერ გავამტყუნებ ილია კოკაიას. ძალიან მიკვირს, როცა ვხედავ, რომ შესაბამისი ნაბიჯები არ ჩანს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან. საქმე ხომ ბოლო წლებში საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ეხება. ზოგადი ანალიზისთვის თბილისის "დინამოში" მომხდარიც გამოგვადგება. მისმა მეპატრონე რომან ფიფიამ მკვეთრად შეამცირა კლუბის ბიუჯეტი - ესეც ცნობილი ამბავია.

- რატომ გახდა ქართული ფეხბურთი კერძო ინვესტორისთვის უინტერესო? ალბათ, მათში უპერსპექტივობის განცდამ დაისადგურა...
- არ ვიცი, შეიძლება ისინი ასეც ხედავენ. მე შინაგანად მჯერა, რომ ქართულ ფეხბურთს აქვს პერსპექტივა და მასში ფულიც ჩაიდება, მაგრამ არ ვიცი ზუსტად, როდის მოვა ეს დრო. ერთიცაა - ჩვენ ვსაუბრობთ, ვწერთ, ვკითხულობთ, მაგრამ ხშირად ეს ყველაფერი წყლის ნაყვად რჩება. ასე არ უნდა იყოს.

რაც შეეხება პესიმისტურ ფონს, ამას ყველა ერთად უნდა მოვერიოთ.

- საინტერესოა, "ზესტაფონიდან" წასვლის შემდეგ რაიმე შეთავაზება ხომ არ გქონიათ?
- არა, არანაირი შეთავაზება არ მქონია. არ ვიცი, შეიძლება ეს იმიტომაცაა ასე, რომ საახალწლო დღეებია და ჯერჯერობით ფეხბურთისთვის არავის სცალია.

- გულწრფელად გეტყვით: პირადად მე გია გეგუჩაძე ძნელად წარმომიდგენია რამდენიმეთვიანი პროექტის სათავეში... არადა, თანამედროვე ქართულ ფეხბურთში ასეთი გუნდები ჭარბობენ...
- მეც გულწრფელად გპასუხობთ: საკუთარი თავი მეც ვერ წარმომიდგენია ასეთი პროექტის ხელმძღვანელად.

- არ იქნება, ამ ზაფხულს ევროპის ლიგაზე ტრნავის "სპარტაკთან" განცდილ მარცხზეც არ ვთქვათ. რამ განაპირობა ის ფიასკო? მხოლოდ დროის ფაქტორი იყო მიზეზი?
- ერთბაშად რამდენიმე მიზეზი იყო, მათ შორის - დროის ფაქტორიც. ყველაფერს რომ არ ჩავუღრმავდეთ, გეტყვით, რომ "სპარტაკთან" "ზესტაფონის" მარცხი ლოგიკური იყო. მაშინ გამოჩნდა იმის ნიშნები, რაც დღეს ხდება ქართულ ფეხბურთში. ეს მხოლოდ "ზესტაფონს" არ ეხება, საერთო სურათზე მაქვს საუბარი.

ამას რომ ვამბობ, არავინ იფიქროს, რომ თავს ვიმართლებ, პირიქით - ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სამარცხვინო იყო ეს მარცხი და ამის გამო მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით ბოდიში მოვუხადო ქართველ გულშემატკივარს.

- ამ მარცხმა ხომ არ იმოქმედა გუნდის მომავალზე?
- არა, ეს გამორიცხეთ. ყველამ ვიცით, რომ ახალი გუნდის მშენებლობას დრო სჭირდება. ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ, მოხდა ის, რაც მოხდა.

- ბატონო გია, "ზესტაფონი" ამ დროისთვის მხოლოდ ფურცელზე არსებობს. დავუშვათ, სიტუაცია შეიცვალა, ქალაქში გადარჩა ფეხბურთი და ამბიციური გუნდის კონტურებიც გამოჩნდა. დაბრუნდებით "ზესტაფონში"?
- ჯერ დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში და პოზიციას მერე დავაფიქსირებ. ჩემს სამწვრთნელო ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ზესტაფონი არ არის ჩემთვის რიგითი ქალაქი და არც ეს გუნდია რიგითი. არაერთი დაუვიწყარი წამი, წუთი და საათი გამიტარებია ზესტაფონში. როგორც უნდა იყოს, ვრჩები "ზესტაფონის" ერთგულ ქომაგად, ისევე, როგორც ყველა ქართული კლუბისა.

- საუბრის ბოლოს საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. სულ ცოტა ხნის წინ გუნდი კახა ცხადაძემ ჩაიბარა...
- პირველ რიგში, ვულოცავ კახა ცხადაძეს. ვიტყვი, რომ ის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და მჯერა, თავს გაართმევს ყველა სირთულეს.

არჩევანი გამართლებულად მიმაჩნია. სულით და გულით ვუსურვებ წარმატებას ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს.

 

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015