ჩემთვის "ზესტაფონი" განსაკუთრებული გუნდია და ასეთად დარჩება
ვახტანგ ჭანტურიშვილი.
ფოტო საიტიდან www.worldsport.ge
ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოს" გუშინდელ ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ვახტანგ ჭანტურიშვილთან, რომელშიც საუბარი, სხვა თემებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" განვითარებული ამბებისადმი და ზოგადად იმერული გუნდისადმი ამ ფეხბურთელის დამოკიდებულებას შეეხო...
"არახალია, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონიდან" ყველა ფეხბურთელი წავიდა. ცხადია, მათ შორისაა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდა ვახტანგ ჭანტურიშვილიც, რომელმაც ბოლო დროს საგრძნობი პროგრესი განიცადა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ შემტევ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა.
- ... საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" განვითარებულ მოვლენებზე გკითხავთ...
- ყველანი ძალიან გულდაწყვეტილები ვართ. რა თქმა უნდა, გუნდის დაშლას ვერ წარმოვიდგენდით. ჩემთვის "ზესტაფონი" განსაკუთრებული გუნდია და ასეთად დარჩება, რადგან ეს არის პირველი უმაღლესლიგური კლუბი ჩემს კარიერაში.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ზესტაფონელ ქომაგს. მე სულ ბავშვი მოვედი ამ კლუბში და პირველი დღიდანვე მათგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობდი. ამ ეტაპზე თუ რამეს მივაღწიე და ფეხბურთში რამეს წარმოვადგენ, ყველაფერი "ზესტაფონის" დამსახურებაა.
მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს ქალაქი უფეხბურთოდ არ დარჩება"...
იბეჭდება შემოკლებით
ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"