Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.12.2014

 

 

 

 

 

 

 

ორი ინტერვიუ ტარიელ თუთარაშვილთან

 

 

 

 

 

 

 

გუბერნატორმა გამგებელი ქუთაისში დაამშვიდა - "ზესტაფონის" საკითხს მთავრობა განიხილავს

 

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი
 

ზესტაფონური კრიზისი, შესაძლოა, ქვეყნის მთავრობის მოსაგვარებელი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, გუშინ იმერეთის მხარის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ტარიელ თუთარაშვილს სწორედ ასე უთხრა. გუბერნატორი ზემოიმერული კლუბის საკითხს მთავრობის წინაშე დააყენებს და "ზესტაფონის" საქმეც თბილისში განსახილველი იქნება.


- დიახ, იმერეთის გუბერნატორს გუშინ ქუთაისში შევხვდით. დაგვპირდა, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ამბავს მთავრობის სხდომაზე აუცილებლად დააყენებს - გვითხრა ტარიელ თუთარაშვილმა და განაგრძო, - ზაზა მეფარიშვილთან საუბრის შემდეგ იმედი მომეცა, რომ ჩვენი რაიონის უპირველეს კლუბს აუცილებლად ეშველება.

 

ქუთაისის "ტორპედოსაც" "ზესტაფონის" მსგავსი პრობლემები შეექმნა, თუმცა გუბერნატორის დახმარების შედეგად ამ კლუბის საქმე გამოსწორდა.


- "ზესტაფონის" მფლობელთან კლუბში არსებულ ვითარებაზე ხომ არ გისაუბრიათ?
- რამდენადაც ვიცი, ილია კოკაია საქართველოში არ იმყოფება. ბოლო დროს მას არ შევხვედრივარ, ადრე კი მასთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. როცა "ზესტაფონის" დახმარებაზე და კრიზისიდან მის გამოყვანაზეა ლაპარაკი, ილია კოკაიასთან შეხვედრა ისედაც აუცილებელია.

 

რაიონის ბიუჯეტში უკვე დამტკიცებულია 300 ათასი ლარი. მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტს კერძო კლუბების ფინანსური დახმარება არ შეუძლია. ამიტომაც კლუბის მფლობელთან ამ საკითხებზეც არის სალაპარაკო. კოკაიასთან შეხვედრისას "ზესტაფონის" ქონების საკითხიც იქნება განსახილველი - საწვრთნელი ბაზა, სტადიონი და კიდევ ბევრი რამ ხომ სწორედ "ზესტაფონის" ამჟამინდელი მფლობელის საკუთრებაა.


- ამ ლაპარაკიდან გამომდინარე, შეიძლება, "ზესტაფონის" დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდეს?
- ადგილობრივ ბიუჯეტში 300 ათასი ლარი ინფრასტრუქტურულ ხარჯებისთვის უკვე გაიწერა. იმ რაოდენობის თანხა კი, რომელიც უმაღლეს ლიგაში გუნდს ადგილის შესანარჩუნებლად სჭირდება, ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაშიც, ვეჭვობ, რომ გამოიძებნოს.


- კლუბის შესანახად რაიონში სხვა რესურსი არ არის?
- მუნიციპალიტეტი ისედაც ცდილობს, რომ კლუბს კერძო ინვესტორი გამოუძებნოს, ისეთი, როგორიც ქვეყნის ორგზის ჩემპიონ კლუბს ეკადრება, მაგრამ ამ საქმიდან სასიკეთო ჯერ არაფერი ჩანს.


- შეგიძლიათ თქვათ, ზესტაფონი ვარჯიშს 10 იანვრამდე მაინც თუ დაიწყებს?
- არა, ამის თქმა არ შემიძლია. იმას კი გეტყვით, რომ იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილთან შეხვედრით კმაყოფილი ვარ და ვიმედოვნებ, "ზესტაფონის" საშველი მალე გამოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში კი, კლუბის დაფინანსებამდე "ზესტაფონის" მფლობელთან შეხვედრაა აუცილებელი. კოკაიასთან შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა...


კობა ინასარიძე, სპორტული გაზეთი "ჩვენი თამაში"

 

* * * * * * * * * *

 

 

ვპირდებით ზესტაფონელებს, რომ არ დავუშვებთ ქალაქის უფეხბურთოდ დატოვებას

 

 

24 დეკემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" შექმნილ ვითარებაზეც ესაუბრა. ამ შეხვედრის შემდეგ ტარიელ თუთარაშვილს დავუკავშირდით:

"შევხვდი და შექმნილი მდგომარეობის თაობაზე ვესაუბრე იმერეთის გუბერნატორს. ის გაგებით მოეკიდა ამ პრობლემას და დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის წინაშე დააყენებს ამ საკითხს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე გადაწყდება, ზესტაფონელ გულშემატკივარს რომ გაახარებს", - გვითხრა თუთარაშვილმა.

როგორც ზესტაფონის გამგებელმა აღნიშნა, მისთვის მოულოდნელი იყო მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი:

"ბოლო დროს ლაპარაკი იყო ჩვენი მხრიდან თანაინვესტირებაზე, მაგრამ ახლა სულ სხვა რეალობაა.

300 ათასი ლარი უკვე ასახულია ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში, მაგრამ ეს თანხა საკმარისი არ არის და აუცილებელია დამატებითი სახსრების მოძიება. ქალაქის ბიუჯეტიდან მაქსიმალურად იქნება მობილიზებული თანხა, თუმცა მთავრობის დახმარებაც დაგვჭირდება. ერთი კი ცხადია - ზესტაფონში ფეხბურთის სიკვდილი არამც და არამც არ უნდა დავუშვათ! წლების განმავლობაში გუნდმა შეიძინა დიდი ტრადიცია, უამრავი გულშემატკივარი. მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს", - ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

სხვათა შორის, თითქმის ანალოგიური ვითარება შეიქმნა "ტორპედოდან" კომპანია "ვისოლის" წასვლის შემდეგ. უკვე ვიცით, რომ კლუბის პატრონობას ხელი ქალაქის მერიამ მოჰკიდა.

"ქუთაისში ცოტა სხვა ვითარება იყო. იქ მეტი დრო ჰქონდათ გამოსავლის მოსაძიებლად, რადგან ეს პროცესი ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა; ჩვენ კი ცაიტნოტურ სიტუაციაში ვართ, თუმცა ეს არ ცვლის ჩვენს ამოცანას", - ესეც თუთარაშვილის სიტყვებია.

"ზესტაფონისთვის ფეხბურთი არ არის მხოლოდ ფეხბურთი, როგორც სპორტის სახეობა. ვპირდები ზესტაფონელებს, რომ არ დავუშვებთ ქალაქის უფეხბურთოდ დატოვებას", - ოპტიმისტურად დაასრულა "ლელოსთან" საუბარი გამგებელმა.

იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება მძიმე დარტყმა არა მხოლოდ ზესტაფონისთვის, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის.

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014