საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე
ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოს" გუშინდელ ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძესთან, რომელშიც საუბარი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს შეეხო. უცვლელად გთავაზობთ "ლელოში" გამოქვეყნებულ მასალას...
""ზესტაფონის" ბედი სულერთი ვერაფრით იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის.
სადღეისოდ ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე აზრი ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს ვკითხეთ:
"რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ის, რაც ბოლო დღეებში ხდება "ზესტაფონში". ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული გუნდების დახარისხება, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, წყალში გადაიყაროს ამხელა კერძო ინვესტიცია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იხმარს ყველა ღონეს იმისთვის, რათა ყველა შესაძლო დონეზე დაეხმაროს "ზესტაფონს". გვიგულეთ "ზესტაფონისა" და ზესტაფონელების გვერდით!..
...რაც შეეხება ილია კოკაიას გადაწყვეტილებას, ახლა კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჯერ მას არ შევხვედრივარ, თუმცა ეს არ უნდა იყოს პრობლემა - ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. როგორც ვიცი, კოკაია უახლოეს ორ დღეში ჩამოვა საქართველოში და მას აუცილებლად შევხვდებით.
...ეს ქალაქი, ეს რეგიონი იმსახურებს იმას, რომ "ზესტაფონი" არ მოკვდეს. ეს კლუბი თავისთავად უკვე ისტორიაა, ტრადიციაა. ყველა გუნდს აქვს აღმავლობისა და ჩავარდნის პერიოდი.
ამ ეტაპზე, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ ყველამ ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ფეხბურთი", - გვითხრა არველაძემ".
ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"