ქალაქის მმართველობა: ზესტაფონში ფეხბურთი არ მოკვდება!
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი
23 დეკემბერს ზესტაფონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობა იყო - საკრებულოს სხდომაზე "ზესტაფონის" მომავლის თაობაზე უნდა ემსჯელათ, კლუბისა, რომელიც ცოტა ხნის წინ კერძო ინვესტორმა ილია კოკაიამ დატოვა...
გულშემატკივრები ქალაქის გამგეობის წინ 15 საათისთვის შეიკრიბნენ.
სხდომაზე რამდენიმე საკითხი იხილებოდა. ბოლოს და ბოლოს, მოვიდა "ზესტაფონის" საკითხის განხილვის დროც. დარბაზში შესვლისა და საკრებულოს სხდომაზე დასწრების საშუალება ოცდაათამდე გულშემატკივარს მიეცა.
თავდაპირველად, საკრებულოს წევრებსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ თუთარაშვილს კლუბში არსებული უმძიმესი მდგომარეობა "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ გააცნო. სიტუაციის სიმძიმეზე ილაპარაკეს გუნდის ქომაგებმაც. მათ ქალაქის ხელმძღვანელობას გამოსავლის მოძიება სთხოვეს.
ამის შემდეგ სიტყვა აიღო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა:
"ჩვენ ადრეც გვქონდა საუბარი ამ პრობლემაზე. ამ დროისთვის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 300 ათასი ლარი, რომელიც საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს.
ახლა პრობლემის მასშტაბები უფრო დიდია და ეს თანხა არ იქნება საკმარისი. ოთხშაბათს ქუთაისში არის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელზეც მე და საკრებულოს თავმჯდომარე მივემგზავრებით. შევხვდებით მხარის გუბერნატორს და ამ საკითხს მთელი სიმწვავით დავაყენებთ.
ზესტაფონში ფეხბურთი არ უნდა მოკვდეს", - განაცხადა გამგებელმა.
როცა კლუბი კერძო ინვესტორიდან სახელმწიფოს მფლობელობაში გადადის, მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი.
ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ქალაქის ხელმძღვანელები შეხვდებიან ილია კოკაიას, რათა დაწვრილებით განიხილონ ბაზის, სტადიონისა და კლუბის ფუნქციონირების საკითხი. ამავე შეხვედრაზე იმსჯელებენ იმასაც, თუ რა თანხა იქნება საჭირო საქართველოს პირობებში გუნდის ნორმალურად არსებობისთვის.
იბეჭდება შემოკლებით...
ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"