23.12.2014
ბერიკა შუკაკიძე: რაც "ზესტაფონში" ხდება, კატასტროფის მოახლოების ნიშანია
|
საჩხერის "ჩიხურას" გენერალური დირექტორი ბერიკა შუკაკიძე
|
"ზესტაფონში" არსებულ მდგომარეობაზე "ლელოში" ბევრი დაიწერა. რამდენიმე დღის წინათ კლუბი პრეზიდენტმა ილია კოკაიამ დატოვა და ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში.
ფაქტია, რომ გათავისუფლების ფურცელი დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებმაც კი მიიღეს და ისინი უკვე ახალ სამსახურს ეძებენ...
10 წლის წინათ კოკაიამ ზესტაფონში ამბიციური გუნდი ჩამოაყალიბა, მაგრამ დღეს პრობლემების წინაშე მარტო დარჩა. რატომღაც მიიჩნევენ, რომ ფეხბურთი მხოლოდ კერძო ბიზნესის პასუხისმგებლობის სფეროა.
კონკურენტი გუნდის დაშლას საჩხერის "ჩიხურას" გენერალური დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ეხმაურება და ამბობს, რომ "ზესტაფონში" დაწყებული პროცესი ქართულ ფეხბურთს კატასტროფით ემუქრება:
- "ზესტაფონი" "ჩიხურასთვის" ყველაზე უხერხული მეტოქე იყო და ყველაზე ნეგატიური ბალანსი სწორედ მასთან გვქონდა, მაგრამ მე, როგორც ქართული ფეხბურთის ერთი რიგითი გულშემატკივარი, "ზესტაფონის" დაშლით შეძრული ვარ და რაც ამ გუნდში ხდება, კატასტროფის მოახლოების ნიშანია.
- სამწუხაროა, რომ ქართულ ფეხბურთზე მის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს გული აუცრუვდა. მიზეზს რაში ხედავთ?
- მე ვიტყოდი, რომ კოკაია ფეხბურთში ინვესტორი კი არა, ქველმოქმედი იყო. 10 წლის განმავლობაში კაცმა კლუბი შეინახა, უზარმაზარი თანხები დააბანდა და ქართულ ფეხბურთს ერთი ამბიციური საფეხბურთო ქალაქი გაუჩინა.
მგონი, არ ვაჭარბებ - ბოლო წლებში ქართული ფეხბურთი რომ სუნთქავდა, "ზესტაფონის" დამსახურებაც იყო. კაცი იმაზეც თანახმა გახლდათ, რომ შემოსავალი, ფაქტობრივად, არ გააჩნდა.
მაგრამ 10 წლის განმავლობაში ერთი მადლობა ვინმემ უთხრა? ეს ყველაზე მეტად მაოცებს და მწყინს. ისეთი გუნდი დაიშალა, განგაში უნდა აგვეტეხა, მაგრამ ამ დროს რას ვხედავთ? თითქოს, არც არაფერი მომხდარა. სირცხვილია!
- თქვენი აზრით, რამე გამოსავალი არსებობს?
- გამოსავალი ის არის, რომ კლუბებმა ამოვიღოთ ხმა და ქართულ ფეხბურთში ქმედითი რეფორმები მოვითხოვოთ. "ჩიხურას" ხელმძღვანელობის სახელით მადლობას ვუხდი კოკაიას იმისთვის, რასაც ამ 10 წლის განმავლობაში აკეთებდა.
ჩვენი მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ამბობს, რომ "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატს განსაკუთრებულ ინტერესს სძენდა. ახლა ტყუილად ფიქრობენ, რომ მისი დაშლით რომელიმე გუნდი გაძლიერდება.
ზოგადად, ეს ამბავი ქართულ ფეხბურთს დააზარალებს. მიმაჩნია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს. თუ კოკაია არ დაბრუნდება, "ზესტაფონი" ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მინიმალურად მაინც უნდა დააფინანსოს და გადაარჩინოს.
სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ეს გუნდი ხომ თავის ქალაქში განწყობას ქმნიდა და, აქედან გამომდინარე, სოციალური პროექტი იყო, თან ქართულ ფეხბურთს დიდ სამსახურს უწევდა. დონის ამაღლება მხოლოდ კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი.
ახლა ჩვენ ვკარგავთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ძლიერ გუნდს, რაც ჩემპიონატში ისედაც მცირე კონკურენციას კიდევ უფრო შეამცირებს. ამიტომაც უნდა ამოვიღოთ ხმა.
- ამით რა გამოვა?
- ერთობლივი ძალებით ბევრი რამ შეიძლება გამოსწორდეს. 10 წლის გუნდი უკვე ისტორია და ტრადიციაა. აშენებულის დანგრევაა ადვილი, თორემ აშენება ძალიან ძნელია. სამშაბათს ფეხბურთის ფედერაციაში კლუბების წარმომადგენლები ვიკრიბებით.
მოვუწოდებ ყველას - ჩვენ არ გვაქვს დუმილის უფლება! ვილაპარაკოთ სატკივარზე და ამით არა მხოლოდ "ზესტაფონს", ქართულ ფეხბურთსაც დავიცავთ. ყველა ხომ ვხვდებით, რომ ამ გუნდში მომხდარი ამბავი და კოკაიას წასვლა სისტემური პრობლემის შედეგია. ფეხბურთიდან წავიდა "ტორპედოს" მესაკუთრეც. ხვალ იმავე გზას დაადგებიან "დინამოს", "ვიტ ჯორჯიას", "მერანის", "საბურთალოს" მეპატრონეები და ხელში შეგვრჩება სოფლის დონის ჩემპიონატი.
იბეჭდება შემოკლებით... |