23.12.2014
ჯაბა დვალი: სადაც უნდა ვიყო, "ზესტაფონის" ქომაგებისთვისაც ვითამაშებ
ცოტა ხნის წინათ, საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა დვალი მოლდოვურ "დაჩიას" დაუბრუნდა. რომ არა"ზესტაფონში" ბოლო დროს დატრიალებული ცნობილი მოვლენები, დვალი ახლა ისევ იმერელთათვის იჩაუქებდა, თუმცა დღეს ის უკვე მოლდოვაშია და აწი "დაჩიასთვის" გაირჯება.
29 წლის ფორვარდმა "დაჩასთან" კონტრაქტი გააფორმა, საქართველოში დაბრუნდა და მოლდოვაში სეზონის განახლებას ელოდება. დღეს გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ახალ გუნდში გადასული ჯაბა დვალის ინტერვიუ. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ ინტერვიუდან, სადაც ფეხბურთელი "ზესტაფონსა" და ზესტაფონელ გულშემატკივარზე საუბრობს...
"... - რას ეტყოდით ზესტაფონელ გულშემატკივარს? ცნობილია, რაც მოხდა კლუბში ბოლო დროს...
- თავის დროზე, როცა ხელფასები შეამცირეს, "ზესტაფონში" სწორედ ამ ხალხის სიყვარულმა დამტოვა. რამდენ ხანსაც უნდა ვიცოცხლო, ეს ადამიანები მუდამ ძვირფასნი იქნებიან ჩემთვის.
მათგან უამრავი სითბო მახსოვს. ვფიქრობ, ძალიან გაახარებთ ჯაბა დვალის წარმატება "დაჩიაში". სადაც უნდა ვიყო და სანამდეც უნდა გაგრძელდეს ჩემი კარიერა, მე მათთვისაც ვითამაშებ.
რაც შეეხება "ზესტაფონს", დიდი იმედი მაქვს, რომ თუნდაც დროებით, კლუბის არსებობას საფრთხე არ შეექმნება".
იბეჭდება შემოკლებით...
|