06.12.2014
ინტერვიუ თედო გრიგალაშვილთან
საქართველოს ჩემპიონატში თუ ვინმეს პერსპექტიული ფეხბურთელი ეთქმის, ერთ-ერთი მათგანი უდავოდ თედო გრიგალაშვილია. საიმედო, ჭკვიანი, უნივერსალი - სამი სიტყვით სწორედ ასე შეიძლება მისი დახასიათება.
ახლა ”ზესტაფონს” არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი არ უდგას, თუმცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველს იმედი აქვს, რომ გუნდი ჩავარდნას მალე დაძლევს.
- თედო, რისი ბრალია გუნდის ასეთი ჩავარდნა?
- შემადგენლობით ”ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის. სამეულში მაინც უნდა ვიყოთ. ზუსტად მეც ვერ ამიხსნია ჩავარდნის მიზეზი. შეიძლება ისიცაა, რომ მალე რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი უმთავრდება. რაღაც მომენტში კონცენტრაცია გვაკლდება, ეს ფაქტია.
ერთი ცხადია - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მეცხრე ადგილი და ”ზესტაფონი” ერთმანეთს არ შეეფერებიან. ზუგდიდში დაგვრჩა თამაში ზამთრის შესვენებამდე და ის აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
- სეზონის განახლებისას კვლავ ”ზესტაფონში” გიხილავთ?
- კი, კლუბთან ორწლინახევრიანი კონტრაქტი კიდევ დამრჩა.
- მიმდინარე სეზონში თქვენს თამაშში პროგრესს თუ ამჩნევთ?
- ვერ გამოვარჩევ მიმდინარე სეზონს. შეიძლება, მქონდა ნორმალური თამაშები, თუმცა ფეხბურთელი ვერ ისაუბრებს საკუთარ პროგრესზე, როცა გუნდი შედეგს ვერ აჩვენებს. თავდამსხმელი რომ ვიყო და გამორჩეული ინდივიდუალური სტატისტიკა მქონდეს, კიდევ ჰო...
- რა მოუვიდა ”ზესტაფონის” დაცვას ბათუმის ”დინამოსთან” შეხვედრაში? ფაქტია, არაერთხელ იქნა დაშვებული ბავშვური შეცდომა...
- პირველ წუთებში ისეთი თამაში იყო, ერთი გაფიქრება ისიც კი გავიფიქრე, დიდი ანგარიშით მოვიგებთ-მეთქი. მერე მივიღეთ ჯერ ერთი გოლი, მერე - მეორე. მთლიანობაში ისეთი შეცდომები დავუშვით, ეზოშიც რომ არ უნდა მოგივიდეს. ამას ისევ და ისევ კონცენტრაციის დაკარგვას ვაბრალებ.
რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, მე არავის გამოვარჩევდი - აგებს მთლიანად გუნდი და არა მხოლოდ ერთი ან ორი ფეხბურთელი. ბათუმის ”დინამოსთან" თამაში რაც შეიძლება, მალე უნდა დავივიწყოთ.
- როგორ ემზადებით ”ზუგდიდთან” მატჩისათვის?
- განსაკუთრებულად! დიდი იმედი მაქვს, ამ მატჩში დაიწყება ჩვენი გუნდის აღმავლობა. მერე კი მოვა ზამთარი და შეკრებების დრო. ”ზუგდიდთან” უნდა მოვიგოთ. აღარ არის უკან დასახევი გზა.
- რას ეტყოდი ”ზესტაფონის” გულშემატკივარს, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, ძველებურად აღარ ავსებს სტადიონს?
- ეს ყველგან ასეა - ხალხი სტადიონზე შედეგს მიჰყავს. ჩვენ ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ყველა მათგანი დავაბრუნოთ სტადიონზე. ეს ხალხი ჩემთვის განსაკუთრებულია. მე აქ სულ პატარა, ბავშვი მოვედი და დიდი სითბო მახსოვს მათგან.
კრიზისს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავძლევთ - თუ ერთმანეთს ბოლომდე გვერდით დავუდგებით. მე მჯერა, რომ მალე ყველა ერთად ვნახავთ ამბიციურ ”ზესტაფონს”.
|