Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.12.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ ჯაბა დვალთან

 

 

 

 

 

 

 

 

ჯაბა დვალი
 

წლეულს "ზესტაფონი" არასტაბილურად კი თამაშობს და ხანდახან პირწმინდად მოსაგები მატჩები მისი მეტოქის გამარჯვებით მთავრდება, მაგრამ ასეთ ვითარებაშიც გუნდის ლიდერი ჯაბა დვალი ლიდერის შესაფერისად გამოიყურება და კლუბისა და მთლიანად ჩემპიონატის ბომბარდირთა სიასაც ლიდერობს.

 

ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მის ანგარიშზე ათი გოლია და ქუთაისელ მდევარ ოთარ კვერნაძეს სამი გოლით უსწრებს.

 

ჯაბა დვალი არის "ზესტაფონის" ის ფეხბურთელიც, რომელმაც ზაფხულში გუნდს უერთგულა და მაშინ, როცა "ზესტაფონი" რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მან გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. კაპიტნის სამკლავურიც ახლა სწორედ ჯაბას აქვს მორგებული.

 

მიმდინარე ზესტაფონურ ამბებზე სასაუბროდაც, აბა, სხვას ვის უნდა დავკაშირებოდით, თუ არა სწორედ ჯაბა დვალს?! მასთან ინტერვიუ, ცხადია, მისი კლუბის არასტაბილური თამაშის მიზეზების ახსნით დავიწყეთ...


- ცხადია, მთელი გუნდი ვწუხვართ, რომ ერთ დონეზე ვერ ვთამაშობთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მეორე წრიდან ყველაფერი გამოსწორდება. ჩემთვის ბევრს უთქვამს და, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, "ზესტაფონი" ცუდ ფეხბურთს არ თამაშობს და მეტოქეებს თუ არ აღემატება, თამაშით არაფრით ჩამოუვარდება, თუმცა შესაბამისი შედეგი მაინც არ გვაქვს.

 

მიზეზი? რა გითხრათ, ჩვენს არასტაბილურ თამაშს, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნით ავხსნიდი. "ზესტაფონი" ხომ სეზონის დასაწყისში ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, ახლა გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და ერთი დონის შენარჩუნება გვიჭირს. თან არც გვიმართლებს, არაერთი მოსაგები თამაში გვქონდა, მომენტს მომენტზე ვქმნიდით, გოლებიც გავიტანეთ, მაგრამ ბოლოს მოგებული მაინც მეტოქე დარჩენილა. საქმეს, ალბათ, ჩვენც რაღაცას ვაკლებთ და ჩვენს შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ვავლენთ. თითქოს თავდაჯერებაც გვაკლია და ყველაფერი ეს ერთად რომ ავიღოთ, იმ მიზეზს მივიღებთ, რომელიც "ზესტაფონის" არასტაბილურობას ახსნის. რაც "ზესტაფონში" ვთამაშობ, სეზონს ვერ ვიხსენებ, ჩემპიონობისთვის არ გვებრძოლოს და ვიმედოვნებ, არც ეს სეზონი იქნება გამონაკლისი.


- ფიქრობ, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონობისთვის კიდევ გაიბრძოლებს?
- რა თქმა უნდა. ჩვენსა და ჩემპიონატის ლიდერს შორის სხვაობა 11 ქულაა, მაგრამ მთელი მეორე წრე ხომ წინაა, 15 მატჩი და ერთიც მომავალ უქმეებზე ზუგდიდში. იმედი მაქვს, "ზესტაფონის" არასტაბილურობაც პირველ წრესთან ერთად დამთავრდება და ჩვენი აღმასვლა დაიწყება.


- რით ახსნი იმ ფაქტს, რომ "ზესტაფონი" ერთ ტაიმს მაღალ დონეზე თამაშობს, შესვენების შემდეგ კი მეტოქე ან ათანაბრებს ანგარიშს, ანაც მოგებული რჩება?!
- არ ვიცი, რით ავხსნა ასეთი სახეცვლილება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გუნდის თამაშს მარილი აკლია. რამდენჯერ ყოფილა, "ზესტაფონს" პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაუტარებია, მაგრამ მეორეში ყველაფერი ამოტრიალებულა. თამაში რომ არ მიგვდის, ეს ამბავი ჩვენც გვანერვიულებს და ამის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები გვექმნება.


- მერე, საშველი რა არის?
- მეორე წრისთვის "ზესტაფონი", სავარაუდოდ, ერთ-ორ შეკრებას გაივლის და მდგომარეობაც გამოსწორდება, ახლა გუნდისთვის შეკრება მისწრებაა. დავისვენებთ და როცა მზადებას განვაახლებთ, "ზესტაფონი" ახალი გუნდი იქნება.


- არასტაბილურობის მიზეზები რომ დაასახელე, კონკრეტულად შენს თამაშზეც იგივე ითქმის?
- ჩემი თავი გუნდისგან განცალკევებით არსდროს დამიყენებია. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ მე გუნდის ნაწილი ვარ და "ზესტაფონთან" ერთად ვიგებ და ვაგებ.


- თანაც, "ზესტაფონის" ერთგული ხარ. სეზონის დაწყებამდე ხომ შენც გქონდა გუნდიდან წასვლის შანსი, მაგრამ მაინც დარჩი. ასეთი არასტაბილურობის შემდეგ ხომ არ ფიქრობ გუნდის დატოვებას?
- ვერაფერს გეტყვით. კლუბთან კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს მიმთავრდება და მერე რა იქნება, არ ვიცი. ჯერჯერობით კი ზუგდიდში სათამაშო მატჩზე ვარ კონცენტრირებული და მომავალზე არ ვფიქრობ. ისე, დეკემბერში, ჩემს გარდა, კლუბთან კონტრაქტი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს უმთავრდება, მაგრამ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, ზუგდიდში ვითამაშებთ და მერე ჩემი მომავალიც გაირკვევა.


- მიმდინარე ჩემპიონატის ფავორიტად რომელი გუნდი მიგაჩნია?
- სხვათა შორის, წეღან რომ ვთქვი, "ზესტაფონი" მეტოქეებს თამაშით ხშირად აღემატება-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი გორის "დილაზე". ურთიერთშეხვედრისას გორელებმა ნამდვილად გვაჯობეს, დანარჩენებმა კი... ჩემპიონატის ფავორიტად "დილასთან" ერთად, ცხადია, "დინამოს" და "სამტრედიას" დავასახელებდი. ხოლო "ზესტაფონის" ძველებურ საჩემპიონო ამბიციაზე უკვე ვთქვი. აქვე ცხინვალის "სპარტაკსაც" ვახსენებ და ვიტყვი, რომ ეს ახალგაზრდული გუნდი მართლაც კარგ შთაბაჭდილებას ტოვებს და ნამდვილად სასიამოვნო მოულოდნელობაა, კახა კაჭარავას გუნდი ასე რომ ყოჩაღობს.


- ზუგდიდური მატჩი რამდენჯერმე ახსენე. გეცოდინება, რომ ქალაქ ზესტაფონის გუნდებს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სადღეისოდ 998 გოლი აქვთ გატანილი და ეს მონაგარი შეიძლება სწორედ ზუგდიდში დამრგვალდეს...
- დიახ, ვიცი, თუმცა იმაზე ფიქრით არ ვიღლი თავს, რომ გინდა თუ არა, მე-1000 გოლი მე უნდა გავიტანო. ჩემთვის და მთელი გუნდისთვის მთავარი ის არის, რომ ზუგდიდში "ზესტაფონმა" გაიმარჯვოს.


- სხვათა შორის, ზესტაფონელთათვის მომდევნო გამარჯვებაც საიუბილეო, მე-300 იქნება...
- ესეც მითხრეს და გამიხარდება, თუ ამ შედეგს საქართველოს ჩემპიონატის პირველსავე წრეში მივაღწევთ.


კობა ინასარიძე, სპორტული გაზეთი "ჩვენი თამაში "

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014