Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

30.11.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ბათუმელთა გამარჯვება ზესტაფონში

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” უმაღლეს ლიგაში წელს დაბრუნებულ ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლა.

 

ზესტაფონელთა და ბათუმელთა დღევანდელი მატჩი, რომელიც ძლიერი წვიმის აკომპანემენტით წარიმართა, უხვგოლიანი გამოდგა და დავით აბაშიძიზე შეკრებილი პუბლიკისთვის მოულოდნელი შედეგით - სტუმართა გამარჯვებით 4-2 დასრულდა.

 

შეხვედრის დებიუტი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, ისინი გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა საკმაოდ კარგი მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს. სტუმართა პირველივე სახიფათო იერიში კი გოლით დასრულდა - 18-ე წუთზე აჭარელთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან გიორგი ბერიანიძის გარღვევა იმერელთა საჯარიმოში გაკეთებული გამჭოლი გადაცემითა და თეიმურაზ შონიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.

 

ანგარიში მალევე გათანაბრდა - 25-ე წუთზე "დინამოს" საჯარიმოს სიახლოვეს დაინიშნა ჯარიმა, რომლის შესრულებაც საკუთარ თავზე ავთო ენდელაძემ აიღო. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა და გიორგი ილურიძის თავურის შემდეგ ის მიხეილ ალავიძის კარის ბადეში აღმოჩნდა.

 

პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე სტუმრებმა კიდევ ორი გატანილი გოლით დაამწუხრეს "ზესტაფონი" - 39-ე წუთზე მასპინძელთა დაცვის ხაზის შეცდომით კარგად ისარგებლა დიმიტრი ტატანაშვილმა, ხოლო 43-ეზე ბოიან პავლოვიჩმა ვერ მოახერხა სტანდარტულის გათამაშების შემდეგ გელა გოგიტიძის მიერ დარტყმულის გამკლავება.

 

შესვენების შემდეგ თამაშის განახლებისთანავე ზესტაფონელები საქმის გამოსწორებას შეეცადნენ და ერთმანეთის მიყოლებით სამი საგოლე მომენტი გააცუდეს - ზედიზედ ორ ეპიზოდში გატანა შეეძლო ჯაბა დვალს, ერთხელაც ბათუმელთა კარი გოლს ავთო ენდელაძის თავურის შემდეგ გადაურჩა.

 

ამის შემდეგ სტუმრებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვედან ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა სცადეს და ერთი სახიფათო, მაგრამ გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, 66-ე წუთზე გიორგი ბერიანიძემ მეოთხე გოლი გააიტანა და ანგარიში დიდამდე გაიზარდა. მატჩის დასკვნით ნაწილში დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ერთადერთი, რის შეცვლაც ზესტაფონელებმა მოახერხეს, 74-ე წუთზე გიორგი ხიდეშელის მიერ გატანილი გოლი გახლდათ...

 

მატჩის შემდეგ (,,მსოფლიო სპორტი”):

ლევან ხომერიკი (“დინამო”): “კარგი თამაში გამოვიდა. ასეთი სანახაობრივი პაექრობები ეროვნულ ჩემპიონატში იშვიათია. ვიცოდით მეტოქის ძალა და ამიტომაც ავარჩიეთ ეს სტრატეგია. თასზე განცდილი მარცხის შემდეგ ჩვენი გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება,”.

 

გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”): “მცველების შეცდომების გამო წავაგეთ. მარცხის მიზეზი არ იყო სათამაშო ტაქტიკა და მონახაზი. ბევრს ვუტევდით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ. სამაგიეროდ, მეტოქემ თავისი შანსები 100%-იანი სიზუსტით გამოიყენა”.

 

 

30.11.2014. ”ზესტაფონი” - ”დინამო” (ბათუმი) 2-4

დაწვრილებით:

 

 

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 7 დეკემბერს გამართავს. საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპინატის პირველი წრის დასკვნითი, რიგით მეთხუთმეტე ტურის მატჩში იმერლები საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდს” სამეგრელოს მხარის მთავარი ქალაქის საფეხბურთო კლუბ "ბაიას" ბაზაზე ესტუმრებიან.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014