Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.11.2014

 

 

 

 

 

 

 

 

განმეორებითი მერვედფინალური მატჩი

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 26 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის რიგით XXV გათამაშების განმეორებითი მერვედფინალური მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ადგილობრივმა ”ზესტაფონმა” საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” უმასპინძლა.

 

ზესტაფონელთა და საჩხერელთა დღევანდელი თამაშის დაწყებამდე მონაწილე გუნდები და მსაჯთა ბრიგადა შეუერთდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივას და სპეციალური მაისურებითა და ბანერით თანადგომა გამოუცხადეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის დამფუძნებელთა მოთხოვნებს...

 

პირველი მატჩის შედეგის (0-0) გათვალისწინებით, გუნდებმა შეხვედრა ფრთხილად დაიწყეს - მეტოქეები შეცდომების დაშვებას ერიდობოდნენ და საკუთარი კარის უსაფრთხოდ შენახვაზე აკეთებდნენ აქცენტს. თუმცა, სტუმართა მხრიდან თამაშის პირველივე გამწვავება შედეგიანი აღმოჩნდა - 20-ე წუთზე თეიმურაზ ღონღაძის მიერ წამოწყებული შეტევა სტუმრებმა შეტევის მარჯვენა ფლანგზე გააგრძელეს და ზესტაფონელთა საჯარიმოში მაღალი ჩაწოდების შემდეგ იერიშის წამომწყებმა ექს-ზესტაფონელმა თავით თავისი გუნდი დააწინაურა.

 

პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი მიეცათ - "ჩიხურას" საჯარიმოში შეჭრილმა ჯაბა დვალმა მაქსიმე ქვილითაიას კარში ძლიერად დაარტყა, ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ სტუმართა კარის ხაზზე დაეცა, ბოლოს კი საჩხერელებმა ის პირით ხაზს იქით მოიგერიეს. მატჩის არბიტრმა ალექსანდრე კრიჭაშვილმა კუთხური დანიშნა...

 

მეორე ნახევარი მასპინძელთა სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. ტაიმის მსვლელობისას "ჩიხურას" ფეხბურთელები მეტოქის ნახევარზე სულ რამდენიმე ეპიზოდში გადავიდნენ. მასპინძლები კი მაქსიმე ქვილითაიას კარის გასაღებს 45 წუთის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.

 

აუცილებლად უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ სტუმართა კარის აღების კარგი შესაძლებლობები მიეცათ ლაშა გვალიას, მიხეილ სარდალიშვილს, თორნიკე კაპანაძეს და მალხაზ გაგოშიძეს, თუმცა "ჩიხურას" კარის აღება მასპინძლებმა მაინც ვერ მოახერხეს. შედეგად, საჩხერელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0. ზესტაფონელები კი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას ნაადრევად ეთიშებიან...

 

 

26.11.2014. ”ზესტაფონი” - ”ჩიხურა” (საჩხერე) 0-1

დაწვრილებით:

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014