Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.11.2014

 

 

 

 

 

 

 

 

უხვგოლიანი იმერული რანდევუ

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის ოთხი შეხვედრა. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მორიგი, რიგით ოცდამესამე იმერული "დერბი" გაიმართა - ადგილობრივმა ”ტორპედომ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა. მატჩი დასრულდა ფრედ 3-3.

 

იმერეთის მხარის წარმომადგენელი ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ორი კოლექტივი ერთმანეთს თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუპირისპირდა. "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" წინა მატჩი ქუთაისში გასული წლის 24 ნოემბერს, XXV ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურში შედგა და სტუმართა მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

 

წინა იმერული "დუელისგან" განსხვავებით, დღევანდელი შეხვედრა მომენტებით დახუნძლული და უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიშის გახსნა ზესტაფონელებმა უკვე 6-ე წუთზე მოახერხეს - საკუთარი გუნდის კარგი შეტევა ზუსტი დარტყმით მიხეილ სარდალიშვილმა დააგვირგვინა.

 

დაწინაურების შემდეგ უპირატესობას ისევ სტუმრები კი ფლობდნენ, თუმცა 22-ე წუთზე მათ გოლი საკუთარ კარში მიიღეს - ოლეგ მამასახლისის ლამაზი შორეული დარტყმა სტუმართა კიპერისათვის აუღებელი გამოდგა. თავის მხრივ, ზესტაფონელებს ისევ დასაწინაურებლად ზუსტად სამი წუთი ეყოთ - 25-ე წუთზე მიზანს გიორგი ილურიძის ზუსტმა თავურმა მიაღწია.

 

34-ე წუთზე ანგარიში ისევ გათანაბრდა - სტუმართა საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ ოლეგ მამასახლისი გაერკვა და ბურთი ბოიან პავლოვიჩის კარის ბადეში გაახვია. სიტუაციის ისევ სათავისოდ შესაცვლელად მარგველებმა ამჯერადაც სამი წუთი იმყოფინეს - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განვითარებული შეტევა ზუსტი დარტყმით ჯაბა დვალმა დააგვირგვინა და თავის საგოლე აქტივს XXVI ეროვნულ ჩემპიონატში მოპოვებული მეათე ბალი შესძინა.

 

მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი ისევ სტუმართა კარნახით წარიმართა. ზედიზედ ორ ეპიზოდში მეტოქის კარის დალაშქვრასთან ძალიან ახლოს იყო ჯაბა დვალი, თუმცა ორივე შემთხვევაში მიმდინარე პირველობის საუკეთესო გოლეადორს მიზანმა უმტყუნა. ის, რაც ვერ მოახერხეს ზესტაფონელებმა, გამოუვიდათ მასპინძლებს - 63-ე წუთზე სტუმართა კართან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ დამატებაზე კარგი თამაშითა და ეროვნულ ჩემპიონატში გატანილი მორიგი გოლით თავი ოთარ კვერნაძემ გამოიჩინა.

 

რაც შეეხება შეხვედრის დასკვნით ნაწილს, მთელი დღევანდელი მატჩივით, ისიც "მხიარულად" წარიმართა. გადამწყვეტი გოლის გატანის შანსები ორივე მხარეს მრავლად მიეცა, თუმცა ქუთათურთა მესამე გამთანაბრებელი გოლის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. დასანანი ფრე - 3-3.

 

მატჩის შემდეგ (,,მსოფლიო სპორტი”):

გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”): “ძალიან ლამაზი და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. ასეთი შეხვედრები ამშვენებენ ეროვნულ პირველობას. მადლობა ქომაგებს, რომელთა მხარდაჭერას მთელი 90 წუთის განმავლობაში ვგრძნობდით. დაცვაში ხარვეზები გამოჩნდა, რომლის აღმოფხვრასაც სათასო მატჩამდე შევეცდებით”.

 

რევაზ ძოძუაშვილი (“ტორპედო”): “შეიძლება ითქვას, დღეს შემტევებმა მცველები და მეკარეები დაჩაგრეს. მართლაც ლამაზი თამაში ვიხილეთ. მოსაგები ორივე გუნდს ჰქონდა. აშკარად გამოჩნდა, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს. ეს არც მიკვირს, ახლადშექმნილ გუნდს მეტი შეთამაშება ჭირდება, რათა სათამაშო რგოლებს შორის მეტი ჰარმონია იგრძნობოდეს”.

 

 

 

22.11.2014. ”ტორპედო” (ქუთაისი) - ”ზესტაფონი” 3-3

დაწვრილებით:

 

 

 

 

მორიგ მატჩს ”ზესტაფონი” 26 ნოემბერს გამართავს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელები საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014