Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

19.11.2014

 

 

 

 

 

 

 

 

მორიგი იმერული დერბის წინ სათქმელი

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგი მატჩისთვის ემზადება. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურში მორიგი იმერული დერბი გაიმართება - 22 ნოემბერს ქუთაისის ცენტრალური სტადიონი ადგილობრივი "ტორპედოსა" და ”ზესტაფონის” რიგით ოცდამესამე საჩემპიონატო დუელს უმასპინძლებს.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის დღემდე გამართულ 22 საჩემპიონატო მატჩში 10-ში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 5 დასრულდა ფრედ, 7 კი მოიგეს ქუთაისელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში კი მინიმალურ უპირატესობას მარგველები ფლობენ - 21:20.

 

ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად ახსოვს იმერული დაპირისპირებები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. აქაც მცირე უპირატესობა ზესტაფონელების მხარესაა - სადღეისოდ გამართულ 5 სათასო შეხვედრაში მარგველებმა იმარჯვეს 2-ში, ასევე 2 მატჩი დასრულდა ფრედ, ქუთათურებმა კი მხოლოდ 1-ხელ გაიმარჯვეს; ბურთების სხვაობა 5:3 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

 

აღნიშვნის ღირსია ის, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე 2011-2013 წლებში სწორედ "ტორპედოს" ხელმძღვანელობდა და ქუთათურებს ბრინჯაოს მედლების ორი კომპლექტიც მოაპოვებინა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზესტაფონელთაგან ქუთაისელთა კარში სხვაზე ხშირად ზურაბ იონანიძეს გაუტანია - იონას ანგარიშზე 6 გოლია.

 

ქუთაისის "ტორპედოსთან" შაბათს, 22 ნოემბერს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი არბიტრი არსენ ნონიკაშვილი იმსაჯებს, 14:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ინტერნეტ-საიტზე გადაიცემა.

 

ჩვენ კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დღეს გამართული ზესტაფონელთა ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014