Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.11.2014

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა გამარჯვება უხვგოლიან შეხვედრაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 7 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთორმეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, მოსიძე, ჩიტორელიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ენდელაძე (გოცაძე, 83), ვაჭარაძე, გვალია (ბუბულაშვილი, 46), მაკარიძე, სამუშია, კანდელაკი (ჩუბინიძე, 28), მიქელთაძე.

 

სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის ამბავი, რომ მწვანე მინდორს სწორედ დღევანდელ შეხვედრაში დაუბრუნდა იმერული კლუბის პირველი გუნდის ფეხბურთელი ლაშა გვალია, რომელსაც ტრავმის გამო ერთი თვეზე მეტი გაუცდა. უნდა ითქვას ისიც, რომ მარგველთა ნახევარმცველმა დაბრუნება გატანილი გოლით აღნიშნა...

 

შეხვედრა მოულოდნელად, სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო. უკვე 5-ე წუთზე ერთ-ერთი ცხინვალელი მასპინძელთა საჯარიმოში აკრძალული ხერხით შეაჩერეს და, იმის მიუხედავად, რომ სტუმრებმა ვერ შეძლეს თერთმეტმეტრიანი დარტყმის გოლად ქცევა, ბუბა რუხაძემ ძელიდან ასხლეტილი ბურთი "ზესტაფონის" კარში მაინც გადაგზავნა.

 

ანგარიშის გასათანაბრებლად ზემოიმერლებმა ზუსტად 5 წუთი იკმარეს - 10-ე წუთზე სამაჩაბლოელთა საჯარიმოს ხაზთან დანიშნული ჯარიმის შესრულება საკუთარ თავზე ლაშა გვალიამ აიღო. მისი პირველი დარტყმა სტუმართა მიერ აღმართულ ცოცხალ კედელს მოხვდა, თუმცა დასწრებაზე ყველას ისევ გვალიამ აჯობა და ზუსტი დარტყმით სტუმართა გოლკიპერს შანსი არ დაუტოვა.

 

16-ე წუთზე წინ უკვე მასპინძლები გავიდნენ - დემურ კანდელაკმა თანაგუნდელის ზუსტი და დროული გადაცემის გოლად ქცევა მშვიდად მოახერხა. თავის მხრივ, ცხინვალელებიც არ დანებდნენ და 35-ე წუთზე დღესდღეობით "სპარტაკის" მაისურით მოასპარეზე ექს-ზესტაფონელმა ბადრი კვარაცხელიამ ლამაზი მოჭრილი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

 

პირველი ტაიმის ბოლოს ისევ მასპინძლები გააქტიურდნენ და სტუმართა კარის აღება კიდევ ორჯერ შეძლეს - 39-ე წუთზე გურამ სამუშიამ საკუთარი გუნდი ისევ წინ გაიყვანა, 41-ეზე გატანილი გოლით კი გიორგი მაკარიძემ ზესტაფონელთა უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახადა.

 

პირველის მსგავსად, მეორე ტაიმიც სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო - 52-ე წუთზე თავი გიორგი სიგუამ გამოიჩინა. ორბურთიანი "ჰანდიკაპის" აღსადგენად ზესტაფონელებს ზუსტად ერთი წუთი დასჭირდათ - ცხინვალელთა დაცვის ხაზის ფეხბურთელებისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით კარგად ისარგებლა ბექა მიქელთაძემ და საკუთარ საგოლე აქტივს მორიგი, რიგით 14-ე ბალი მიამატა.

 

დღევანდელი უხვგოლიანი მატჩის ბოლო "აკორდიც" მასპინძლებმა შეასრულეს - 67-ე წუთზე მიზანს ზესტაფონელთა ახალგაზრდა მცველის, ლევან ჩიტორელიძის მიერ შორიდან შესრულებულმა დარტყმამ მიაღწია. ორივე მხარის არაერთი მცდელობის მიუხედავად, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შევლილა - ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 6-3.

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014