მიმდინარე წლის 6 ნოემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის სამი სასტარტო შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს” უმასპინძლა.
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა, იმერლებმა ლანჩხუთის "გურია" დაამარცხეს და მას შემდეგ საკუთარ მოედანზე გამართულ დაპირისპირებებში გამარჯვება აღარ მოუპოვებიათ. ეს უსიამოვნო სერია სწორედ ცხინვალელებთან დღეს გამართული მატჩით დასრულდა - მარგველებმა ანგარიშით 3-0 გაიმარჯვეს.
შეხვედრის სადებიუტო ნაწილი ზემოიმერელთა უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა გოლის გატანა "ზესტაფონმა" მხოლოდ 23-ე წუთზე მოახერხა - თედორე გრიგალაშვილმა დროული გადაცემით მოამარაგა სტუმართა საჯარიმოს სიახლოვეს მყოფი თორნიკე კაპანაძე და ამ უკანასკნელმა ცხინვალელთა გოლკიპერ გიორგი ნადირაძეს აუღებელი დაურტყა.
მალევე ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის კარგი შესაძლებლობები ჯაბა დვალსა და თორნიკე კაპანაძეს მიეცათ, თუმცა სტუმართა დაცვის ხაზის თავგანწირული თამაშისა და მასპინძელთა შემტევთა უზუსტობის წყალობით პირველი ტაიმის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი მიეცათ - იმერელ მცველთა შეცდომით კარგად ისარგებლა ნიკა კაჭარავამ, რომელიც ბოიან პავლოვიჩთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა "ზესტაფონის" სერბმა გოლკიპერმა გუნდის გარდაუვალი გოლისაგან გადარჩენა მოახერხა.
მასპინძლები მალევე დამშვიდდნენ, მატჩის სადავეები ისევ ხელთ იპყრეს და მალევე თორნიკე კაპანაძეს გოლის გატანის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა - ამჯერად მაღალი სპორტული ოსტატობის დემონსტრირება სტუმართა კარის დარაჯმა მოახერხა. ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ "სპარტაკის" კარს ჯაბა დვალი ემუქრებოდა, მაგრამ ეროვნული პირველობის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნულ ლიდერს ორივე ეპიზოდში მიზანმა უმტყუნა.
77-ე წუთზე ჯაბამ თავის მორიგი გოლი მაინც გაიტანა - მასპინძელთა კარგ შეტევას სახიფათო დარტყმით ვახტანგ ჭანტურიშვილი აგვირგვინებდა, თუმცა გიორგი ნადირაძემ ბურთის მოგერიება მოახერხა, დამატებაზე კი ყველას ჯაბა დვალმა დაასწრო და საკუთარ აქტივს მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი მეცხრე გოლი შეჰმატა.
82-ე წუთზე, ლევან შარიქაძის მიერ ცხინვალელთა საჯარიმოს გარედან შესრულებული დარტყმის შემდეგ, ანგარიში სამამდე გაიზარდა. ამის შემდეგ სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გასატანად გაიწიეს, თუმცა, საბოლოოდ, მეტი გოლი აღარ გასულა და იმერლებმა დიდი ანგარიშით გამარჯვება მიმდინარე სეზონში მეორედ იზეიმეს - 3-0.
მატჩის შემდეგ (,,მსოფლიო სპორტი”):
გურამ ასპინძელაშვილი (,,ზესტაფონი’’): ,,ძლიერი მეტოქე გვყავდა და შესაბამისად რთული თამაში გვქონდა. ბიჭებმა ყველა დავალება შეასრულეს და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. გუნდი აღმავლობის გზაზეა და მომავალს იმედიანად ვუყურებთ .”
კახი კაჭარავა (,,სპარტაკი“): ,,სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. რასაც ნაღდი საგოლე მომენტი ჰქვია, პრაქტიკულად თანაბრად გვქონდა. მეტოქემ მისი რეალიზება შეძლო, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ამიტომაც დავმარცხდით. ფეხბურთში ვისაც გოლი გააქვს ის იმარჯვებს’’.