2014 წლის 3 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთერთმეტე ტურის მატჩები. სტადიონ "მცხეთა-პარკზე" საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები თბილისის ”ვიტ-ჯორჯიის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე იმერელთა დამრიგებელ გიორგი მიქაძეს გუნდის შემადგენლობაში იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა - მაღალი სიცხის გამო შეუძლოდ გამხდარი დავით კუპატაძის ადგილი "ზესტაფონის" კარის ჩარჩოში ახალგაზრდა ირაკლი ფანცხავამ დაიკავა.
შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ 1-1 დასრულდა. ანგარიშის გახსნა 11-ე წუთზე მასპინძლებმა მოახერხეს - ვეტერინართა შეტევის მარჯვენა ფრთიდან ზემოიმერელთა საჯარიმოს მიმართულებით გაკეთებულ მაღალ ჩაწოდებას ვაჟა მერაბიშვილი გამოეხმაურა და ბურთი ირაკლი ფანცხავას კარის ბადეში თავით გადაგზავნა.
მოვლენათა ასეთ განვითარებას სტუმრები არ დაუბნევია და მალევე მათ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - 22-ე წუთზე თბილისელებს ზესტაფონელთა სწრაფი იერიში გამოეპარათ და მეკარესთან პირისპირ გასულმა გურამ სამუშიამ თავი აუღებელი დარტყმით გამოიჩინა. როგორც უკვე მოგახსენეთ, პირველი ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა...
მეორე ტაიმის სადებიუტო მონაკვეთში სათამაშო უპირატესობას "ვიტ-ჯორჯია" დაეუფლა და 55-ე წუთზე ეს უპირატესობა ანგარიშშიც აისახა - მასპინძელთა ერთ-ერთი მწვავე შეტევისას სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა რევაზ ჩიტიშვილმა და ანგარიში 2-1 გახადა.
თანდათანობით იმერლებმა მოედანზე არსებული ვითარება გამოასწორეს და თამაშის მასპინძელთა ნახევარზე გადატანასაც შეეცადნენ. სტუმართაგან გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი ბექა მიქელთაძეს მიეცა, თუმცა მას თბილისელთა მეკარე დანტე ჩალიგავამ არ გაატანინა...
შეხვედრის ბოლოს კი ვეტერინარებმა საკუთარი უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდა მოახერხეს. 88-ე წუთზე იმერელთა კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც გოლად ერეკლე ლებანიძემ აქცია - 3-1. ამ გამარჯვების წყალობით "ვიტ-ჯორჯიამ" დუბლიორთა პირველობის სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა, ხოლო მარგველები მესამე პოზიციაზე დაქვეითდნენ.