მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები. ქალაქ მცხეთის სტადიონ "მცხეთა-პარკზე" თბილისის ”ვიტ-ჯორჯიამ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
ფეხბურთის ის მოყვარული, რომელიც ეროვნული საფეხბურთო პირველობის დღეს მცხეთაში გამართულ შეხვედრას დაესწრო, ნამდვილად არ ინანებდა სიცივეში, ქარსა და წვიმაში გატარებული 2 საათის გამო. დედაქალაქელმა ვეტერინარებმა და საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ზესტაფონელებმა ქომაგსა და მატჩზე მყოფ სპეციალისტებს ნამდვილი საფეხბურთო "თრილერი" შესთავაზეს...
იმის მიუხედავად, რომ მატჩის პირველი წუთები სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მოახერხეს - ზემოიმერელთა საჯარიმო მოედნის სიახლოვეს 15-ე წუთზე დანიშნული სტანდარტი ოსტატური დარტყმით გოლად ლევან საბაძემ აქცია.
მოვლენათა ასეთ განვითარებას ზესტაფონელთა კიდევ უფრო გააქტიურება მოჰყვა, თუმცა 26-ე წუთზე მათ მეორე გოლიც გაუშვეს - თბილისელთა სწრაფი კონტრიერიში შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოს მიმართულებით გაკეთებული გადაცემითა და ლევან საბაძის კიდევ ერთი გოლით დასრულდა. შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძლებმა კომფორტული უპირატესობით 2-0 მოიგეს.
უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილმა სტუმრებმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს და უკვე ტაიმის დებიუტში, კერძოდ 49-ე წუთზე, მათ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს - ჯაბა დვალის დარტყმა უნაკლო გახლდათ. მარგველები ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე შემცირებით არ დაკმაყოფილდნენ და მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს, რამაც შედეგი 59-ე წუთზე მოიტანა - ჯაბა დვალის კიდევ ერთი ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში საყაიმო გახდა.
"მცხეთა-პარკის" ტრიბუნებზე მყოფი ზესტაფონელი გულშემატკივრის გამამხნევებელი შეძახილებით შეგულიანებულმა სტუმრებმა ბედის ძიება ისევ შეტევაში განაგრძეს და 70-ე წუთზე თავისას მიაღწიეს კიდეც - იმერელთა ხანგრძლივი, რამდენიმეფაზიანი შეტევის ზუსტი დარტყმით დასრულება მოედანზე შეცვლაზე შესულმა თორნიკე კაპანაძემ მოახერხა.
დღევანდელი დაპირისპირების დასკვნითი ნაწილი დაძაბული გამოდგა. მასპინძლები მატჩის გადარჩენას კი შეეცადნენ, თუმცა მეორე ტაიმში სასიკეთოდ "სახეშეცვლილი" სტუმრების კართან განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი მომენტების შექმნა გაუჭირდათ. თავის მხრივ, მარგველებს საკუთარი უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა მატჩის ეპილოგში მეტი გოლი არ გასულა. ზესტაფონელებმა, რომლებმაც ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ზედიზედ 5 ფრე ითამაშეს, თვენახევრიანი პაუზის შემდეგ გამარჯვება იზეიმეს - 3-2.
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 6 ნოემბერს გამართავს. საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპინატის მეთორმეტე ტურის მატჩში იმერლები ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.