Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

31.10.2014

 

 

 

 

 

 

 

 

მორიგი მეტოქე - ორგზის ჩემპიონი ვეტერინარები

 

 

 

 

 

 

 

 

ვიტ-ჯორჯია
 

კვირას, 2 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული საფეხბურთო პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” სტადიონ "მცხეთა-პარკზე" ესტუმრებიან.

 

თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დაპირისპირებათა ისტორია იმერელთათვის სადებიუტო 2004-2005 წლების სეზონში იღებს სათავეს. ამ გუნდების შეხვედრები ტრადიციულად პრინციპული ხასიათისა გახლავთ, ყოველთვის ძალიან დაძაბულად და უკომპრომისოდ მიმდინარეობს... რაც შეეხება გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიას, აქ უპირატესობას სხვადასხვა წლებში ხან ერთი მხარე ეუფლებოდა ხოლმე, ხანაც მეორე...

 

პირველ წლებში თვალშისაცემი იყო ძალთა სრული თანაფარდობა, რომელიც ვეტერინართა აღზევების პერიოდში თანდათანობით დაირღვა. თბილისური კლუბისათვის მეორე საჩემპიონო სეზონში (2008-2009 წლების პირველობა) თბილისელებმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოუგეს ზესტაფონელებს და პირადი შეხვედრების სტატისტიკაში გარკვეული "ჰანდიკაპიც" შეიქმნეს. ზემოიმერლებმა სიტუაცია კარდინალურად 2010-2012 წლებში შეცვალეს - ორი ზესტაფონური ოქროს "ჭედვისას" მარგველებმა ხუთჯერ დაამარცხეს ოპონენტი, რასაც ბოლო ორ სეზონში მოპოვებული 2 გამარჯვება (3-2 და 2-0) მოაყოლეს და სადღეისოდ დადებითი ბალანსით თავს უკვე დასავლელები იწონებენ.

 

წინა პირველობის პირველი წრის შეხვედრა, რომელსაც 2013 წლის 30 ოქტომბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა, ფრედ 1-1 დასრულდა. მასპინძლები მატჩის დებიუტში საბა ლომიამ დააწინაურა, თუმცა ვეტერინარებმა ლაშა კასრაძის გოლით იხეირეს და ზესტაფონიდან ქულის წაღება მოახერხეს. მეორე წრის შეხვედრა კი მიმდინარე წლის 2 მარტს მცხეთაში გაიმართა და გიორგი კუხიანიძის დუბლის წყალობით სტუმრებმა სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

 

სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" ერთმანეთში 27-ჯერ უასპარეზიათ. აქედან 12 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 5 დასრულდა ფრედ, 10 კი მოიგეს ვეტერინარებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 42:36 იმერელი ფეხბურთელების სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, ვეტერინართა და მარგველთა გზები აქ ორჯერ გადაიკვეთა - თასის 2005-2006 წლების გათამაშების ნახევარფინალში ზესტაფონელებმა ორჯერ (2-1 და 3-1) დაამარცხეს მეტოქე, ხოლო 2009-2010 წლების გათამაშების მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში სოლიდურ გამარჯვებას (3-0) მეორე მატჩში დამატებით დროში მარცხი (0-4) მოაყოლეს...

 

საინტერესოა ის, რომ "ვიტ-ჯორჯიას" კარში ზესტაფონელთაგან ყველაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია - თავის დროზე სწორედ ვეტერინართა რიგებიდან იმერულ კლუბში მოსულ ფეხბურთელს ყოფილი კლუბის ბადე 9-ჯერ აქვს შერხეული. მეორე შედეგი აქვს ნაჩვენები გოგი ფიფიას - 4 გატანილი გოლი...

 

"ვიტ-ჯორჯიასთან" 2 ნოემბერს მცხეთაში გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას არბიტრი გიორგი ვადაჭკორია იმსაჯებს, 14:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

 

 

გამოყენებულია გიორგი ჯიქიას მიერ მოწოდებული ფოტომასალა
"ზესტაფონი" - "ვიტ-ჯორჯიას" მატჩები 2009-2014 წლების სეზონებში

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014