Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.10.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ გურამ ასპინძელაშვილთან

 

 

 

 

 

 

 

 

გურამ ასპინძელაშვილი
 

"ზესტაფონი" ბოლო დროს შედეგიანი თამაშით ვეღარ ახარებს ერთგულ ქომაგს. "მერანთან" მატჩში დაფიქსირებული ფრე მარგველებისთვის ზედიზედ მეხუთე იყო მიმდინარე ჩემპიონატში.

მართალია, საქართველოს ორგზის ჩემპიონს უკვე მიჯრით 6 წაუგებელი შეხვედრა დაუგროვდა, მაგრამ გულშემატკივარი მოგებას ითხოვს...

"ლელოს" "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ასისტენტი გურამ ასპინძელაშვილი ესაუბრა. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ ინტერვიუთი "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბმა ხანგრძლივი დუმილი დაარღვია...


- ბატონო გურამ, ზედიზედ მეხუთე ფრე "ზესტაფონის" დარი ამბიციური გუნდისთვის წარმატებულ შედეგად ვერაფრით ჩაითვლება. რით ახსნით საყაიმო შედეგების მოჭარბებასა და მოუგებელ სერიას?
- ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად მზად ვიყავით კიდეც იმისთვის, რომ სეზონის ამა თუ იმ მონაკვეთში ჩავარდნა გვექნებოდა.

რაც მთავარია, ჩვენს ფეხბურთელებს მონდომება არ აკლიათ, რაც ნათლად დადასტურდა თუნდაც "მერანთან" ბოლო მატჩში. მომთხოვნი გულშემატკივრები გვყავს და ძალიან გვწყდება გული იმის გამო, რომ ამ ეტაპზე ვერ ვახარებთ მათ, თუმცა საშიში და საგანგაშო არაფერია.

საფრთხეს რომ ვგრძნობდეთ, მერწმუნეთ, ღიად ვისაუბრებდით ამაზე. ჩვენთვის ახლა მთავარია, საგოლე მომენტების რეალიზაციის პროცენტი გავზარდოთ, თორემ გუნდის თამაშში პროგრესი აშკარაა. თავიდან ყველანი უკმაყოფილონი ვიყავით სანახაობრივი კუთხით. ახლა ეს ასე აღარ არის. ერთხელაც, სულ მალე, გატყდება ნავსი და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოვიგებთ. მჯერა, ამას მოჰყვება გამარჯვებების სერია.

- ეს გასაგებია, თუმცა ამასობაში "ზესტაფონი" ევროსაგზურის მოპოვების შანსს ხომ არ გადაიწურავს?
- არა, არ ვფიქრობთ ასე. სხვათა შორის, შარშან, ზუსტად ამ დროს, "ზესტაფონს" იგივე ადგილი ეჭირა სატურნირო ცხრილში. მერე იყო წარმატებული სერია და გახსოვთ, ალბათ, ერთი ხანობა ჩემპიონობის შანსიც კი გაჩნდა. დავამატოთ ამას ისიც, რომ სატურნირო ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა... მოკლედ, მთავარი ბრძოლები ჯერ წინაა.

- ცხადია, ზამთარში "ზესტაფონს" სერიოზულად დასჭირდება გაძლიერება...
- რა თქმა უნდა. ჯერ კონკრეტულ ფეხბურთელებზე არ გვიმსჯელია, თუმცა ახალი მოთამაშეები რომ გვჭირდება და ისინი გუნდში რომ გამოჩნდებიან, ეს ფაქტია. დეკემბრის ბოლოს დავსხდებით კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად და განვიხილავთ გუნდის გაძლიერების ყველა შესაძლო გზას.

 


- გამოდის, რომ გია გეგუჩაძის სამწვრთნელო შტაბი სეზონის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს "ზესტაფონში" მუშაობას და თანაც, არც ოპტიმიზმის ნაკლებობას უჩივით...
- უკეთესი მომავლის იმედი რომ არ გვქონდეს, ერთი დღითაც არ გავჩერდებოდით აქ. ამას გულწრფელად გეუბნებით. სიტუაციის გამოსწორების ყველა ბერკეტი ჩვენს ხელთაა. მით უმეტეს, ფინანსური თვალსაზრისით, უკვე ყველაფერი დალაგებულია და პროგრესისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

- საინტერესოა, აპირებს თუ არა გუნდი ლეგიონერების, ბოიან პავლოვიჩისა და რენე ფერეირას შენარჩუნებას?
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ფეხბურთელებს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებთ და სეზონის მეორე ნახევარსაც "ზესტაფონში" გაატარებენ.

- ცოტა უხერხული კითხვაც: როდის მოახერხებს "ზესტაფონი" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი გამარჯვების მოპოვებას?
- ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს "ვიტ ჯორჯიასთან" საგარეო მატჩში მოხდეს - საქართველოს ჩემპიონატის უახლოეს შეხვედრაში. ქომაგებს სახეზე ბედნიერი ღიმილი უნდა დავუბრუნოთ.

 

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014