2014 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეათე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.
უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელთა მეორე გუნდი (მთავარი მწვრთნელი - გიორგი მიქაძე, ასისტენტი - ლევან ბაჯელიძე) დუბლიორთა ტურნირში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს და მარტვილელთა წინააღმდეგ გამართული მეათე ტურის შეხვედრის შემდეგ, მოიპოვა რა მეშვიდე გამარჯვება მიმდინარე სეზონში, სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა.
სიმართლე მოითხოვს ითქვას, რომ შეხვედრის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა მაინც მალევე მოახერხეს - 16-ე წუთზემარტვილელთა საჯარიმოში აკრძალული ხერხით გურამ სამუშია შეაჩერეს და თერთმეტმეტრიანი ზუსტად ბექა მიქელთაძემ შეასრულა. ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა...
პირველის მსგავსად, შეხვედრის მეორე ნახევარიც დაძაბულად წარიმართა - ყოველ სათამაშო ეპიზოდში მოედანზე თავგანწირული ბრძოლა იმართებოდა და ზოგადად მატჩი კარგი სანახავიც გამოდგა. 67-ე წუთზე სტუმართა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა - მარტვილელთა მცველის მხრიდან საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დანიშნული 11-მეტრიანი გოლად გურამ სამუშიამ აქცია.
მატჩის დასკვნით ნაწილში "მერანის" დუბლიორებმა გაიბრძოლეს და 84-ე წუთზე ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ამჯერად საკუთარ საჯარიმოში ხელით უკვე მარგველთა ცენტრალურმა მცველმა მირიან რობაქიძემ ითამაშა, პენალტის შესრულება კი თავის თავზე აკაკი წყაროზიამ აიღო. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შევლილა - ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 2-1.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მორიგ, რიგით მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი თბილისის "ვიტ-ჯორჯია" და ლიდერის უახლოესი მდევარი ზესტაფონელები დაუპირისპირდებიან. ეს საინტერესო დაპირისპირება სტადიონ "მცხეთა-პარკზე"3 ნოემბერს გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.