Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.10.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ მიხეილ ხუციშვილთან

 

 

 

 

 

 

 

 

მიხეილ ხუციშვილი (გამოყენებულია ფოტო საიტიდან www.worldsport.ge)
 

"ზესტაფონს" ახლა მისთვის უჩვეულოდ დაბალი ადგილი უჭირავს სატურნირო ცხრილში, რაც, უდავოდ, რამდენიმე თვის წინ გუნდში მომხდარი საკადრო ცვლილებების გამოძახილია. თუმცა სოლიდური სპონსორის მოძიებამ პირველი შედეგი უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას უნდა გამოიღოს.

ბოლო დროს, "ზესტაფონთან" დაკავშირებით სალაპარაკო ბლომად დაგროვდა. ისიც კი ითქვა, რომ შეიძლება კლუბი მშობლიური ქალაქიდან აიბარგოს და... თბილისში დაიდოს ბინა...

ამასობაში, სლოვაკეთიდან დაბრუნდა "ზესტაფონის" დელეგაცია. ბატონები კორნელი კოკაია და მიხეილ ხუციშვილი იქ ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. ქართველები ტრნავის "სპარტაკის" ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

იმერული კლუბის გენერალურ დირექტორთნ, მიხეილ ხუციშვილთან საუბარი სწორედ ამ ვიზიტის შეჯამებით დავიწყეთ და მერე სხვა თემებსაც გადავწვდით.


- მოგეხსენებათ, ერთი თვის წინათ გვეწვია ტრნავის "სპარტაკის" დელეგაცია. სასიამოვნოა, რომ სლოვაკებმა თავად გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. "სპარტაკის" ვიცე-პრეზიდენტი ზორან ტერზიჩი საქართველოში ჩამოვიდა და ადგილზე გაეცნო ჩვენს მუშაობას. ნახა, თუ როგორ ფუნქციონირებს კლუბის აკადემია, დაათვალიერა "ზესტაფონის" თბილისური ბაზა და კმაყოფილი დარჩა.

აქვე, მინდა საგანგებოდ აღვნიშნო საქართველოში სლოვაკეთის ელჩის, რუდოლფ მიხალკას როლი. ის მიესალმა ქართულ-სლოვაკურ თანამშრომლობას და ყველაფერს აკეთებს მისი გაღრმავებისთვის.

- გვიამბეთ თქვენი სლოვაკური ვიზიტის შესახებ...
- ჩვენი ვიზიტი სლოვაკური მხარის ინიციატივით ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა, როცა ისინი აქ ჩამოვიდნენ. დავათვალიერეთ "სპარტაკის" ინფრასტრუქტურა, ვნახეთ გუნდის საკუთრებაში არსებული ბაზა, მოედნები... გავეცანით იმას, თუ როგორ არის დალაგებული ურთიერთობა კლუბსა და გულშემატკივრებს შორის. მოვხაზეთ სამომავლო თანამშრომლობის კონტურები. თანამშრომლობა კი გულისხმობს ფეხბურთელების გაცვლა-გამოცვლას, მწვრთნელების სტაჟირებაზე გაგზავნას, გულშემატკივართა დამეგობრებას და ასე შემდეგ.

ფეხბურთელების გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ამით ბევრი რამ შეგვემატება. შეთანხმებაში ჩაიდება პუნქტი, რომ ჩვენთან მოთამაშე სლოვაკ ფეხბურთელს ორივე კლუბი თანაბრად გადაუხდის ხელფასს. ასევე, ჩვენ მივავლენთ მოთამაშეებს სლოვაკეთში.

ტრნავის "სპარტაკი" ტრადიციული კლუბია და ჩვენი განვითარებისთვის სასარგებლო პარტნიორი იქნება.

- ქართველი ფეხბურთელები კარიერას აღმოსავლეთ ევროპაში რომ გააგრძელებენ, ეს კარგია, მაგრამ რა მოტივაცია ექნება საქართველოში სათამაშოდ ჩამოსულ სლოვაკს?
- ფინანსური! შეიძლება, არც დამიჯეროთ, მაგრამ იქ არ არის მაღალი ხელფასები. მეტიც, "ზესტაფონს" უკეთესი ბიუჯეტი აქვს, ვიდრე "სპარტაკს". ახლა ციფრების დასახელებას ნუ მომთხოვთ, მაგრამ დამიჯერეთ, ასეა.

- გულშემატკივრებთან ურთიერთობა ახსენეთ. ამ მხრივ რა შეიძლება ვისწავლოთ "სპარტაკისაგან"? იქნებ, მათი გამოცდილება სხვა ქართული კლუბებისთვისაც გახდეს გასაზიარებელი?
- ძალიან საინტერესო გამოცდილება გაგვიზიარეს და ვფიქრობთ, ის ზესტაფონშიც დავნერგოთ. საქმე ასეა: კლუბი გულშემატკივრებს აძლევს საკლუბო ატრიბუტიკის საკლუბო მაღაზიაში რეალიზაციის უფლებას და შემოსავლის 50 პროცენტს ფანკლუბს უტოვებს, რათა მას საკუთარი ფული ჰქონდეს. ჩვენი გულშემატკივარი ჩვენთან ერთადაა გუნდისთვის ამ რთულ დროს და ისღა დაგვრჩენია, ამისთვის მადლობა გადავუხადოთ. გვინდა, ისინი უფრო მეტად ჩავაბათ საკლუბო ცხოვრებაში. ზესტაფონელებისთვის ფეხბურთი დიდი სიხარულია.

- გუნდის სატურნირო მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო ვერ არის. ზამთარში ყველა უკეთესობას ელის. შეგიძლიათ, გვითხრათ, რა იქნება იანვარში?
- მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა: "ზესტაფონში" მომხდარი საკადრო ცვლილებები არ იყო გამოწვეული ევროპის ლიგაზე განცდილი მარცხით. მერე რაც მოხდა, ყველამ იცის - ძირითადი შემადგენლობის 70 პროცენტი წავიდა გუნდიდან და, ცხადია, ეს უკვალოდ ვერ ჩაივლიდა.

ზესტაფონელი გულშემატკივარი მომთხოვნია. ის ვერ შეეგუება გუნდის დღევანდელ მდგომარეობას და ასევე ვართ ჩვენც. სეზონის მსვლელობისას ცაიტნოტში აღმოვჩნდით და მხოლოდ ორი უკლუბოდ მყოფი ფეხბურთელი დავიმატეთ - გიორგი ილურიძე და გიორგი ხიდეშელი.

ვპირდები გუნდის ერთგულ ქომაგს - ზამთარში, როცა მეტი დრო გვექნება სელექციისთვის, "ზესტაფონი" მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ჩვენ ჩავებმებით როგორც ევროსაგზურისთვის, ისე საჩემპიონო ბრძოლაში.

- რა ხდება ზესტაფონში მშენებარე ბაზასთან დაკავშირებით?
- ყველამ ვიცით, რაც გაუკეთეს ჩვენს კლუბს თაღლითებმა. უდიდესი ფინანსური ზარალი მივიღეთ ჯერ ცუდად წარმოებული მშენებლობისა და მერე - უხარისხოდ დაგებული მინდვრის გამო, რომელიც მოსაჭრელი და თბილისის ზღვაზე მშენებარე ბაზაზე წამოსაღები გაგვიხდა. ზესტაფონის ბაზაზე უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ახალი მინდვრის დასათესად. რაც შეეხება ბაზის მშენებლობის საბოლოოდ დასრულებას, დასკვნით ფაზაშია მოლაპარაკება გამგეობასთან, რათა ის 50-პროცენტიანი წილით შემოგვეშველოს. პირადად მინდა გადავუხადო მადლობა "ზესტაფონის" გამგებელს, ბატონ ტარიელ თუთარაშვილს.

- და ბოლოს, ერთი "უხერხული" კითხვაც უნდა დაგისვათ. ამბობენ, "ზესტაფონმა", შეიძლება, სამუდამოდ დატოვოს მშობლიური ქალაქი და თბილისში ითამაშოსო...
- პირდაპირ დაწერეთ: "ზესტაფონი" მუდამ ზესტაფონში ითამაშებს! ვინც ამ ხმებს ავრცელებს, მწარედ ტყუის. განა, შეიძლება ხელი ვკრათ ამდენ ერთგულ ქომაგს და სიხარული წავართვათ? "ზესტაფონი" ეკუთვნის ჯერ ზესტაფონს და მერე - მთელ საქართველოს.

ხუთვარსკვლავიანი სტადიონიც რომ გვქონდეს თბილისში, მაინც ზესტაფონში ვითამაშებთ, რადგან ამ ხალხს ჩვენ ვერაფერი შეგვიცვლის...

ბოლოს, მინდა კიდევ ერთი დეტალი გაგიმხილოთ - ახლო მომავალში ვგეგმავთ ზესტაფონში არსებული საკლუბო აკადემიის გაფართოებას. უკვე შესაძლებელი იქნება, რომ სწავლების პროცესში ჩავაბათ ზესტაფონის სოფლებსა და დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში მცხოვრები მოზარდები.

 

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014