კვირას, 26 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს. ეროვნული პირველობის მეათე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები მარტვილის საფეხბურთო კლუბ "მერანს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.
ამ ორი გუნდის ოფიციალურ შეხვედრათა ისტორია 2011 წლის 10 სექტემბერს იწყება - "ზესტაფონისა" და მარტვილის "მერანის" პირველ მატჩს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა და ის შეხვედრა მასპინძლებმა 3-1 მოიგეს. მასპინძელთაგან გოლები შოთა გრიგალაშვილმა, ჯაბა დვალმა და რატი წინამძღვრიშვილმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან პრესტიჟის გოლი გიგა ამბროლაძემ გაიტანა.
შემდეგი მატჩი 2011 წლის 22 დეკემბერს მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა - გოგი ფიფიასა და შოთა ბაბუნაშვილის გოლების წყალობით გამარჯვება (2-0) მეორე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად მებრძოლმა იმერლებმა მოიპოვეს.
"მერანისა" და "ზესტაფონის" რიგით მესამე დაპირისპირება 2012 წლის 14 აპრილს ისევ მარტვილში გაიმართა. შეხვედრა ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და სტუმრები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა მატჩის ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად (მატჩის მიწურულს მატჩის არბიტრმა სტუმართა კარში ზედიზედ 2 პენალტი დანიშნა), საბოლოოდ ის ფრედ 4-4 დასრულდა. გოლები: ჯაბა დვალი - 2 (0-1; 0-2), დავით მუჯირი (1-3), თორნიკეგორგიაშვილი (3-4); პაპუნა ფონიავა (1-2), გიგა ჟვანია- 3 (2-3, 3-3, 4-4).
აღსანიშნავია ამ მეტოქეების მეოთხე ოფიციალური მატჩიც - ის 2012 წლის 20 მაისს გაიმართა და სწორედ ამ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ზედიზედ მეორე ჩემპიონობა იზეიმა. ის შეხვედრა 3-0 დასრულდა და მასში შოთა გრიგალაშვილმა თავი "ჰეთ-თრიკით" (1-0, 2-0, 3-0) გამოიჩინა.
მორიგი მატჩი გასული წლის 26 ოქტომბერს შედგა. ეს მატჩი სამტრედიაში გაიმართა და ზესტაფონელებმა ვახტანგ ჭანტურიშვილისა და საბა ლომიას გოლების წყალობით ანგარიშით 2-0 გაიმარჯვეს. ამავე ანგარიშით დასრულდა მარტვილელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა - მიმდინარე წლის 9 მარტს გამართული მატჩი ზესტაფონელებმა ნიკა საბანაძისა და გრიგოლ დოლიძის გოლების წყალობით მოიგეს.
ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებს თუ ვიანგარიშებთ, სულ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და მარტვილის "მერანს" ერთმანეთში 8-ჯერ იასპარეზეს - 7 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 1 კი დასრულდა ფრედ. შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში დიდ უპირატესობას ზემოიმერლები ფლობენ - 22:6.
მარტვილელებთან26 ოქტომბერს გასამართი შეხვედრა, რომელსაც ქუთაისელი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იმსაჯებს, 17:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.
"ზესტაფონი" - "მერანის" მატჩები 2011-2014 წლების სეზონებში