Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.10.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ ჯაბა დვალთან

 

ჩემს ექვს გოლს ექვს ქულაზე გავცვლიდი...

 

 

 

 

 

 

 

 

ჯაბა დვალი
 

ზესტაფონური ფეხბურთის ისტორიაში იქაური კლუბების ღირსება არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელს დაუცავს, თუმცა ხალხის სიყვარულით ჯაბა დვალს ბევრი ვერ შეედრება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლებამდე "ზესტაფონში" დიდი ძვრები მოხდა, გუნდი ლიდერთა უმრავლესობამ დატოვა, დვალი კი დარჩა და ახლა ის ჩვენი პირველობის თანაბომბარდირია.

მას შემდეგ, რაც "ზესტაფონში" ფინანსური მდგომარეობა ძველებურად სტაბილური აღარ იყო, დვალმა რუსული პირველი ლიგის გუნდის გამზადებულ კონტრაქტზე უარი უთხრა და არ მიატოვა გუნდი, რომელიც მასზე იდგა.

"დილასთან" მატჩში შესრულებული დუბლის შემდეგ დვალს ეროვნულ ჩემპიონატში "ზესტაფონის" მაისურით გატანილი 51 გოლი მოუგროვდა. აქ ვთვლით რუსთავის "ოლიმპთან" გატანილ ბურთსაც - ის მატჩი ზესტაფონში გაიმართა და არ დასრულებულა. მაგრამ ეს გოლიც რომ არ მივიღოთ სათვალავში, დვალმა საქართველოს ჩემპიონატში 50 ბურთი უკვე შეაგდო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ნიკა გელაშვილს ჩამორჩება, ვინც ჩემპიონატის მატჩებში მარგველთა მაისურით 63 ბურთი გაიტანა. მესამე ადგილზე კი ზურაბ იონანიძეა 48 გოლით.

- ჯაბა, გილოცავთ საიუბილეო დუბლს. "დილასთან" მატჩი, ალბათ, განსაკუთრებული იყო თქვენთვის. როგორ გაიხსენებთ ამ თამაშს?
- ჩემი დუბლი მაინცდამაინც არ გამხარებია. ამას პირდაპირ გეუბნებით. სასიამოვნოა, როცა კლუბის მაისურით საიუბილეო გოლი გაგაქვს, თუმცა უკეთესი იქნებოდა, 3 ქულა მოგვეპოვებინა. უკვე მერამდენე ფრე ვითამაშეთ. არადა, ყველა შეხვედრა ჩვენი უპირატესობით იწყება, მაგრამ ეგ არის, მოპოვებულ ფორას ვერ ვინარჩუნებთ. სულ ამაზე ვფიქრობ. აღარც კი ვიცი, რას დავაბრალო.

- მაინც, რა გგონიათ მთავარი მიზეზი?
- რა გითხრათ... ხან ვფიქრობ, რომ ნაადრევად ვდუნდებით. ხან მგონია, რომ კონცენტრაციას ვკარგავთ. ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მთავარი მიზეზი მაინც გამოუცდელობაა. გუნდის საშუალო ასაკი ყველაფერზე მეტყველებს.

- თქვენი პირადი სტატისტიკა კარგია - ოთარ კვერნაძესა და ირაკლი მოდებაძესთან ერთად ეროვნულ ჩემპიონატში ბომბარდირობთ 6 გოლით...
- ეს ვის არ გაახარებს, მაგრამ ჩემს ექვს გოლს ექვს ქულაზე გავცვლიდი. ჩემთვის ყოველთვის გუნდის წარმატებაა მთავარი. პირადული გუნდურზე მაღლა არასოდეს დამიყენებია.

- ლიდერებთან ჩამორჩენა იზრდება. როგორ ფიქრობთ, მოახერხებს "ზესტაფონი" ძველი პოზიციების დაბრუნებას?
- ლიდერებთან არაა იმხელა ჩამორჩენა, რომ იმედი გადავიწუროთ. დარწმუნებული ვარ, სამეულისთვის და, შესაბამისად, ევროსაგზურისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ახლა მთავარია, შევძლოთ და რამდენიმე მატჩი გადაბმულად მოვიგოთ.

მჯერა, "ზესტაფონის" წარმატებული სერია "მერანთან" მატჩში დაიწყება. როგორც იტყვიან, უკანდასახევი გზა უბრალოდ მოჭრილია.

- ცხადია, წარუმატებლობას მწვრთნელებიც აანალიზებენ. რას ამბობენ ისინი?
- ყველაზე მეტად, მოთამაშეებთან ერთად, გუნდის ასეთ არათანაბარ ასპარეზობას სამწვრთნელო შტაბი განიცდის. გამოსავალს ერთად ვეძებთ და მჯერა, ვიპოვით.

- ზესტაფონელი გულშემატკივრისთვის თქვენ განსაკუთრებული ფეხბურთელი ხართ. იოლი არ არის ხალხის ამხელა სიყვარულის მოპოვება. გუნდისთვის ამ რთულ დროს რას ეტყოდით მათ?
- გულწრფელად გეტყვით: როცა ყველასთვის ცნობილი მოვლენები მოხდა და საჭირო გახდა გადაწყვეტილების მიღება, "ზესტაფონში" დიდწილად ამ ხალხის სიყვარულმა დამტოვა. მე ვერ გადავაბიჯებდი ამას, როცა ვგრძნობდი, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ვიყავი და ხალხს ჩემი იმედი ჰქონდა. უნდა გითხრათ - ეს ხალხი, ეს ქალაქი ჩემი მეორე ოჯახია.

- როგორ ფიქრობთ, სეზონის მეორე ნახევარშიც გიხილავთ "ზესტაფონში"?
- თუ დავჭირდები გუნდს და იქნება ხელშეწყობა, მე მზად ვარ, მაქსიმუმი გავაკეთო "ზესტაფონისთვის".

- სამი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გაგიცდათ. 6 თამაში და ამდენივე გოლი - თუ ასე განაგრძეთ, თქვენს უახლოეს მეგობარ ნიკა გელაშვილსაც გადაუსწრებთ...
- რთული იქნება (იცინის). .

 

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014