20.10.2014
დუბლიორთა გამარჯვება გორში
2014 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა. გორის ხელოვნურსაფარიან მოედანზე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ადგილობრივი ”დილას” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, თორნიკე გრიგალაშვილი (დუგლაძე, 88), რობაქიძე, ბარბაქაძე, მოსიძე, გოცაძე (ჭუმბაძე, 85), ვაჭარაძე, მაკარიძე (ბუბულაშვილი, 58), სამუშია, მიქელთაძე (გეწაძე, 76), კანდელაკი (გოგავა, 69).
გორის "დილას" დუბლიორთა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირება სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო - უკვე 6-ე წუთზე, შეტევის მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე გრიგალაშვილის ზუსტი ჩაწოდების შემდეგ, მასპინძელთა კარში ბურთი ბექა მიქელთაძემ გადაგზავნა.
11-ე წუთზე, მას შემდეგ რაც გორელთა კარგი შეტევა ზუსტი დარტყმით ნიკოლოზ ქარელმა დააგვირგვინა, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება კი მოახერხეს, თუმცა 17-ეზე ზესტაფონელები ისევ წინ გავიდნენ - ძალიან ეფექტური მოჭრილი დარტყმით თავი გურამ სამუშიამ გამოიჩინა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა - "დილას" კარში დანიშნული 11-მეტრიანი გოლად ბექა მიქელთაძემ აქცია და "დუბლი" გაიფორმა.
მეორე ტაიმის დებიუტში იმერლებმა საკუთარი უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდა მოახერხეს - 58-ე წუთზე "დუბლის" შესრულება გურამ სამუშიამაც მოახერხა. დიდი ანგარიშით დაწინაურებული მარგველები თამაშის მსვლელობას სრულად აკონტროლებდნენ და საქმე გამარჯვებამდე თითქოს მშვიდად უნდა მიეყვანათ, მაგრამ გორელებმა გაიბრძოლეს და მატჩის დასრულებამდე ნაადრევად დამშვიდებული სტუმრების ანერვიულებაც მოახერხეს...
89-ე წუთზე იმერელთა საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული საჯარიმო დარტყმა გოლად ილია ბუზალაძემ აქცია, 90-ეზე კი ლევან ნონიკაშვილმა კიდევ ერთხელ აიღო დავით კუპატაძის კარი და მატჩის დასკვნით მონაკვეთს ერთგვარი ინტრიგა შესძინა. მოვლენათა ასეთ განვითარების მიუხედავად, ზესტაფონელებმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს და მიმდინარე სეზონში რიგით მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს - 4-3.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |