Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

19.10.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ფრე "თენგიზ ბურჯანაძეზე"

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრები - თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე ადგილობრივმა ”დილამ” ქვეყნის ორგზის ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა...

 

სახიფათო მომენტებით დახუნძლული, ლამაზი და ისტორიული თამაში გაიმართა გორში "თენგიზ ბურჯანაძეზე", სადაც გორის "დილამ" "ზესტაფონს" უმასპინძლა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში აქამდე აღნიშნულ გუნდებს შორის 20 დაპირისპირებაში ფრე არ დაფიქსირებულა, აი, 21-ე კი ყაიმით დასრულდა - 2:2.

 

საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩის დასაწყისი ორმხრივ შეტევებში სუსტი და არაზუსტი დარტყმებით წარიმართა.

პირველი სახიფათო მომენტი პირველ ტაიმში 21-ე ზესტაფონელმა ჯაბა დვალმა გოლად გარდასახა - მარგველთა თავდამსხმელმა საჯარიმოში საგოლე გადაცემა გიორგი ხიდეშელისგან მიიღო, ცრუმოძრაობით უკან ამოიწია, დასარტყმელი სივრცე შეიქმნა და ბურთი გიორგი სომხიშვილის კარის შორეულ მარცხენა კუთხეში გადაგზავნა - 1:0.

 

29-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირიმ საჯარიმო მარჯვენა ფლანგიდან შეასრულა, მეორე სართულზე ბრძოლაში ირაკლი მოდებაძემ იყოჩაღა, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა.

 

პირველი ნახევრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე გიორგი სეთურიძემ ბურთი პავლოვიჩის კარის შორეულ კუთხეში გადაგზავნა, თუმცა მარგველთა მეკარემ ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია.

 

მეორე ტაიმი გორელთა მასიური შეტევებით დაიწყო, თუმცა საწყის წუთებში რეალური მომენტი არ ჰქონიათ. ზესტაფონელები მალევე გამოფხიზლდნენ და 52-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა მეკარის საჯარომოს მარჯვენა კუთხიდან დაარტყა, თუმცა მცირედით ააცილა.

 

მე-60 წუთზე "დილას" შეტევებმა შედეგი გამოიღო - მარჯვენა ფლანგზე გიორგი სეთურიძემ ბურთი მიიღო, მართალია მას მეკარე და მცველები გადაეღობნენ, მაგრამ კარისკენ მაინც დაარტყა და ბურთმა კარის ხაზი გიორგი ხიდეშელის ფეხიდან რიკოშეტით გადაკვეთა.

 

ამ მომენტიდან 6 წუთით ადრე გიორგი გეგუჩაძემ მოედანზე ილურიძის ნაცვლად შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭანკოტაძე გამოიყვანა და მისმა აქტიურობამ მატჩს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი შესძინა - ავტოგოლის გაშვების შემდეგ ზესტაფონელებმა უმალვე შეუტიეს, ჭანკოტაძემ მარცხენა ფლანგიდან ბურთი კარის შორეულ კუთხეში გადაგზავნა, თუმცა სომხიშვილმა საკუთარი გუნდი გოლისგან ლამაზი ნახტომით იხსნა.

 

71-ე წუთზე კვეკვესკირიმ საჯარიმო დარტყმა შეტევის მარცხენა ფლანგიდან შეასრულა და ბურთი მეტოქის კარის შორეულ კუთხისკენ გადაგზავნა, სადაც ირაკლი მოდებაძის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მიწაზე დაეცა და პავლოვიჩის კარში ისე შევარდა - 2:1.

 

მატჩის ბოლო წუთზე "დილას" მცველმა ალექსანდრე კვახაძემ საჯარიმოში ბურთი უხერხულად მიიღო და მატჩის მთავარმა არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა გორელთა კარისკენ პენალტი დანიშნა. "ზესტაფონის" ლიდერმა ჯაბა დვალმა კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, დუბლი მიითვალა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

 

შიდაქართლელებთან დაპირისპირებამდე, იმერელთა თავდამსხმელი ჯაბა დვალი 4 გატანილი გოლით, ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე იმყოფებოდა. ამ მატჩის შემდეგ კი დვალი და გორელთა ფორვარდი ირაკლი მოდებაძე 6-6 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობენ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჯაბა დვალისთვის დღევანდელ შეხვედრაში გატანილი გოლები ეროვნულ ჩემპიონატში "ზესტაფონის" მაისურით ასპარეზობისას გატანილი მე-50 და მე-51 გოლები გახლავთ (საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური).

 

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გიორგი გეგუჩაძის ასისტენტმა გურამ ასპინძელაშვილმა და გორელთა თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა განვლილი შეხვედრა შეაფასეს:

გურამ ასპინძელაშვილი: "როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონსა" და "დილას" შორის თამაში ყოველთვის დაძაბულია. განვლილ შეხვედრაში იყო ორთაბრძოლები და ვფიქრობ, “დილამ” მომენტებიც მეტად შექმნა და ლამაზი ფეხბურთიც ითამაშა."

უჩა სოსიაშვილი: "ჩვენ გუნდს თამაშამდე ფინანსური პრობლემების გამო ხუთი ვარჯიში გაუცდა. თამაშის განმავლობაში ორი იძულებითი ცვლილება მოვახდინეთ, რამაც მატჩზე გავლენა იქონია. ჩვენი მხრიდან მომენტები მაქსიმალურად იქნა გამოყენებული. ბოლო მომენტში მცველმა ბურთი უხერხულად მიიღო და დავისაჯეთ კიდეც."

 

www.worldsport.ge

 

19.10.2014. ”დილა” (გორი) - ”ზესტაფონი” 2-2

დაწვრილებით:

 

 

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 26 ოქტომბერს გამართავს. საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპინატის მეათე ტურის მატჩში იმერლები მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014