Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.10.2014

 

 

 

 

 

 

 

 

სპარინგ-მატჩი საჩხერის "ჩიხურასთან"

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 12 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის კარსმომდგარი მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი სპარინგი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველებმა საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” უმასპინძლეს.

 

"საბურთალოსთან" სამი დღის წინ გამართული მატჩის მსგავსად, მარგველებს ფეხბურთელთა ერთი ჯგუფი დღევანდელ შეხვედრაშიც დააკლდათ. ლევან შარიქაძემ, კახა მეშველიანმა, ლაშა გვალიამ და გურამ სამუშიამ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემის გამო ვერ იასპარეზეს.

 

მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰქონდა "ჩიხურასაც" - სხვადასხვა მიზეზის გამო დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს თეიმურაზ ღონღაძემ, ჯაბა ჯიღაურმა, დავით ოდიკაძემ, ბესიკ დეკანოიძემ და ლაშა კუჭუხიძემ.

 

"ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: პავლოვიჩი, თედორე გრიგალაშვილი, ფერეირა (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), ხიდეშელი (გაგოშიძე, 11), ენდელაძე (რობაქიძე, 71), ჯაფარიძე (სარდალიშვილი, 33), ჭანკოტაძე (მაკარიძე, 71), ჭანტურიშვილი (ვაჭარაძე, 71), ფანცულაია (მიქელთაძე, 46), ილურიძე (კანდელაკი, 71), დვალი (კაპანაძე, 46).

 

"ჩიხურა" (საჩხერე): ქვილითაია (მწყერაშვილი, 64), დუშუაშვილი (მაჭავარიანი, 53), ჭელიძე (ზ. ნადირაძე, 64), კაშია (იაკობაშვილი, 73), ქიმაძე, ბაჯელიძე (კიკნაძე, 79), დობროვოლსკი, სიხარულია (ივანიშვილი, 57), კორიფაძე (კურტანიძე, 64), მუმლაძე, ჩიკვაიძე (თ. ნადირაძე, 64).

 

შეხვედრის პირველი ნახევრის დაწყებისთანავე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - უკვე 3-ე წუთზე გიორგი ქიმაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად თორნიკე მუმლაძემ აქცია. 11-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს - მიზანს ავთო ენდელაძის უძლიერესმა შორეულმა დარტყმამ მიაღწია.

 

19-ე წუთზე ზესტაფონელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა თორნიკე მუმლაძემ და თავის გუნდი ისევ დააწინაურა. მასპინძლებმა სტუმართა გოლს 24-ე წუთზე უპასუხეს - დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ჯაბა დვალმა თავის საქმე ოსტატურად შეასრულა.

 

შეხვედრის მეორე ნახევარში ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავალი ცვლილება განხორციელდა. ამის მიუხედავად, "დავით აბაშიძის" მწვანე გაზონზე პირველი ტაიმის მსგავსი გახსნილი ფეხბურთი მიმდინარეობდა...

 

53-ე წუთზე, კარგად გათამაშებული სტანდარტის შემდეგ, საჩხერელმა არჩილ ბაჯელიძემ ზუსტი თავური დარტყმით წინ ისევ "ჩიხურა" გაიყვანა, თუმცა, 66-ეზე ანგარიში ისევ საყაიმო გახდა - მასპინძელთა სახიფათო შეტევისას საჩხერელთა საჯარიმოში შექმნილ ვითარებაში ყველაზე უკეთ ბექა მიქელთაძე გაერკვა და ბურთი ზურაბ მწყერაშვილისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში გადაგზავნა.

 

დღევანდელი სანახაობრივი და უხვგოლიანი დაპირისპირების საბოლოო "აკორდი" ზესტაფონელებმა შეასრულეს - 84-ე წუთზე "ჩიხურას" დაცვის ხაზის ფეხბურთელების შეუთანხმებელი თამაშით კარგად ისარგებლა თორნიკე კაპანაძემ და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა - 4-3.

 

19 ოქტომბერს "ზესტაფონი" საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრას გამართავს - თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე მარგველები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "დილას" დაუპირისპირდებიან. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

 

 

12.10.2014. ”ზესტაფონი” - ”ჩიხურა” (საჩხერე) 4-3

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014