07.10.2014
ჩვენი მეტოქე - საჩხერის ”ჩიხურა”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს გამართული კენჭისყრის შედეგად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური წყვილები გაირკვა. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” მეტოქედ საჩხერის “ჩიხურა” ერგო.
უნდა ითქვას, რომ "ზესტაფონისა" და "ჩიხურას" გზები დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში მეორედ გადაიკვეთა. 2008-2009 წლების თასის გათამაშების პირველი მერვედფინალურ მატჩი 2008 წლის 30 აგვისტოს გაიმართა, ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. გატანილი გოლები ბექა გოცირიძის, ერიკ რომეო ჩასემის, ნიკა კვასხვაძის და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. ამ მერვედფინალური წყვილის საპასუხო შეხვედრა 2008 წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება "ჩიხურას" ფეხბურთელებმა მოიპოვეს - 1-0.
ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მარგვეთის მხარის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2006 წლის 9 სექტემბერს იღებს სათავეს და სადღეისოდ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ 11 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში მცირე უპირატესობა საჩხერელთა მხარესაა - 5 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა - 15:11 "ჩიხურას" სასარგებლოდ.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მიმდინარე, რიგით XXV გათამაშების მერვედფინალური სტადიის ორივე მატჩი წელს გაიმართება. “ჩიხურა” - “ზესტაფონის” წყვილის პირველი მატჩი სოფელ ივანწმინდას სტადიონზე ჩატარდება, ხოლო განმეორებით შეხვედრას ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩების გამართვის თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
|