მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთს” უმასპინძლა.
თამაშის დაწყებამდე “ზესტაფონის” ქომაგებმა გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. სექტემბრის თვეში ფანების რჩეულის წოდებისა და გულშემატკივართა მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელი ვახტანგ ჭანტურიშვილი გახდა.
მატჩი მასპინძელთა შეტევებით კი დაიწყო, თუმცა ზესტაფონელთა სასტარტო აქტიურობა შედეგში არ ასახულა. ანგარიში 26-ე ანგარიში გაიხსნა - ზუსტი დარტყმით თავი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ მინდორზე დაბრუნებულმა ჯაბა დვალმა გამოიჩინა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებს მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, თუმცა ვახტანგ ჭანტურიშვილის დარტყმული ფოთელთა კარის ზედა ძელს მოხვდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი უფრო აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს და 56-ე წუთზე დათა სიჭინავამ ანგარიში გაათანაბრა. უნდა ითქვას, რომ მასპინძლეთა კარის აღებას წინ კურიოზული ეპიზოდი უძღოდა - "კოლხეთის" ფეხბურთელი ბურთს მას შემდეგ დაეუფლა, რაც მასპინძელთა ნახევარმცველი გიორგი ჭანკოტაძე მატჩს არბიტრ ბაკურ ნინუას დაეჯახა...
ზესტაფონელებმა მეტოქის კარს შეუტიეს და მიზანთან ახლოს რამდენიმე ეპიზოდში იყვნენ - გოლის გატანის კარგი შანსები ხელიდან ბექა მიქელთძემ და გიორგი ილურიძემ გაუშვეს. ერთ ეპიზოდში გიორგი ჭანკოტაძის წაქცევის გამო მასპინძლები პენალტის დანიშვნასაც ელოდნენ, თუმცა მატჩის არბიტრმა თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.