27.09.2014
დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის მატჩი
2014 წლის 27 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ადგილობრივი ”მეტალურგის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ყანჩაველი, რობაქიძე, მოსიძე, გოგავა (გეწაძე, 90), ჩიტორელიძე, ვაჭარაძე, მაკარიძე, ბუბულაშვილი (ბარბაქაძე, 58), ჩუბინიძე (დუგლაძე, 90), გოცაძე (ჭუმბაძე, 88), კანდელაკი.
"მეტალურგის" დუბლიორთა და რუსთავში ახალგაზრდული შემადგენლობით ჩასული ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა იმერელთა ნახევარმცველ გიორგი ჩუბინიძეს მიეცა, თუმცა მასპინძელთა გოლკიპერმა უჩა გელაშვილმა თავის გუნდი გადაარჩინა. 20-ე წუთზე კი იმერლებს რუსთაველთა სწრაფი იერიში გამოეპარათ და კონსტანტინე გაბაშვილმა თავის გუნდი დააწინაურა. 36-ე წუთზე მანვე პენალტი ზუსტად შეასრულა და მეორედ აიღო სტუმართა კარი.
მეორე ტაიმი ახალგაზრდა იმერლების შეტევებით დაიწყო და რამდენიმე ეპიზოდში თამაშში ჩართვა უკვე რუსთაველთა გოლკიპერსა და დაცვას მოუწია. გამოსაყოფია დემურ კანდელაკის მონაწილეობით შექმნილი ორი ეპიზოდი, როდესაც "მეტალურგის" გოლკიპერ უჩა გელაშვილს მთელი თავის ოსტატობის დემონსტრირება მოუხდა. ამის შემდეგ გოლის გატანა მართებდა უკვე გიორგი ჩუბინიძეს, თუმცა ამჯერად რუსთაველებს დაცვის ხაზის თავგანწირულმა თამაშმა უშველა.
სტუმრებმა საწადელს 68-ე წუთზე მაინც მიაღწიეს - მიხეილ ვაჭარაძის ულამაზესი შორეული დარტყმა აუღებელი გამოდგა. მალევე ანგარიშის გათანაბრება მართებდა ბექა გოცაძეს, თუმცა ახლო მანძილიდან მისი დარტყმული "მეტალურგის" მეკარემ თავგანწირულ ნახტომში მოიგერია. შედეგად, 79-ე წუთზე სტუმრები საგოლე მომენტების ცუდი რეალიზაციის გამო დაისაჯნენ - რუსთაველთაგან ზუსტი დარტყმით თავი ზაზა ციცქიშვილმა გამოიჩინა. ქვემოქართლელთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |