Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.09.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ფრე რუსთავში

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 26 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" ერთმანეთს ადგილობრივი ”მეტალურგი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

 

ზესტაფონელები რუსთავში სტუმრობას სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ - ჯაბა დვალისა და ვახტანგ ჭანტურიშვილის დისკვალიფიკაციას, ორიოდე დღის წინ ვარჯიშზე ტრავმირებული გიორგი ილურიძის არყოფნაც დაემატა. მეტიც, "მეტალურგთან" მატჩის 22-ე წუთზე ტრავმა მიიღო და გამოსაცვლელი გახდა ლაშა გვალიაც.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა და უკვე 14-ე წუთზე მარგველებმა ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს - ლაშა გვალიას გამოზომილი გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ფანცულაია აღმოჩნდა და თავის შანსი მშვიდად გამოიყენა.

 

მალევე პირველი გოლის ავტორს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა შეეძლო, მაგრამ რუსთაველები მეკარე გრიგოლ ბედიაშვილის თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა. გოლის გატანის ორი ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცა იმერელთა შემტევ თორნიკე კაპანაძეს, თუმცა მასპინძელთა კარის დარაჯი ამ ეპიზოდებშიც საიმედოდ გაისარჯა - ერთხელ შორეულ კუთხეში გადაგზავნილი თავური აიღო, მეორედ კი ერთი შეხებით კარისკენ გადაგზავნილი ურთულესი ბურთი მოიგერია.

 

რუსთაველები, რომლებიც შეხვედრის პირველ ნახევარში თითქოს განწირულად გამოიყურებოდნენ, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გააქტიურდნენ და თამაშის სათავისოდ შემოტრიალებას შეეცადნენ. ბოიან პავლოვიჩის კართან რამდენიმე ნახევარმომენტიც შეიქმნა. თავის მხრივ, სტუმრებიც არ უქმობდნენ - გიორგი ჭანკოტაძესა და თორნიკე კაპანაძეს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობის შესახებ საკითხის დროზე ადრე დახურვა შეეძლოთ, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილი ისევ საიმედო გახლდათ.

 

ვერ გაიტან - გაგიტანენო... 74-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან დაინიშნა საჯარიმო დარტყმა, რომელიც ზუსტად ვარლამ კილასონიამ შეასრულა. ანგარიშის გათანაბრებიდან სამ წუთში კი იმერელთა კარის მიმართულებით არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ დანიშნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც გოლად ისევ ვარლამ კილასონიამ აქცია...

 

ზესტაფონელებმა, რომლებიც ასე მოულოდნელად მდევრის როლში აღმოჩნდნენ, მეტოქეს შეუტიეს და 88-წუთზე პენალტის შერულების უფლება მათაც მოიპოვეს. მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის მიერ დამსახურებული პირველი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად დღევანდელ შეხვედრაში კაპიტნის სამკლავურით მოასპარეზე ლევან შარიქაძემ შეასრულა. ფრე 2-2.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

ვარლამ კილასონია ("მეტალურგი"): “რთულ ვითარებაში ვიმყოფებით. სპონსორის გამოჩენის იმედი არ ჩანს.  არ ვიცი, როდემდე გაგარძელდება ფინანსური კრიზისი.”

გურამ ასპინძელაშვილი ("ზესტაფონი"): “მეორე ნახევარში მოვდუნდით და ვერმოგების მიზეზს გამოუცდელობაში ვხედავ”.

 

 

26.09.2014. ”მეტალურგი” (რუსთავი) - ”ზესტაფონი” 2-2

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გამართავს. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩში იმერლები ფოთის ”კოლხეთს” უმასპინძლებენ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014