24.09.2014
ინტერვიუ ვახტანგ ჭანტურიშვილთან
"ზესტაფონის" ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი ერთ-ერთი იმათგანია, დიდი მოცულობის სამუშაოს რომ ასრულებენ მოედანზე. მკვრივი, მოძრავი და სხარტია. ის 1993 წელსაა დაბადებული და ისე მოხდა, რომ არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა თემურ ქეცბაიამ ირლანდიასთან მატჩის წინ ეროვნული ნაკრების კანდიდატთა შორის მიიწვია, ბოლნისის "სიონთან" და ცხინვალის "სპარტაკთან" შეხვედრებშიც ათამაშა.
ვახტანგ ჭანტურიშვილი გასულ სეზონშიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო "ზესტაფონში" და წლეულსაც. საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე კარგი ნახევარმცველია. ინტერვიუში კარგად ჩანს, რომ თავმდაბალი პიროვნებაა, თავის პლუსებზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს...
უპირველესად იმაზე, თუ რა დაემართა "ზესტაფონს". გია გეგუჩაძის გუნდი კარგად ატარებს პირველ ტაიმებს, მეორეში კი ყველაფერი უკუღმა მიდის. ჭანტურიშვილი ამბობს, რომ ეს უფრო კონცენტრაციის დაკარგვის ბრალია:
"ჩვენი ბოლო ორი მატჩი რომ შევადაროთ ერთმანეთს, საკმაო განსხვავება იქნება. "სიონთან" 3:1 მოვიგეთ და კიდევ არაერთი მომენტი გვქონდა. ჩემი აზრით, ეს სწორედ ის თამაში იყო, რაც "ზესტაფონს" შეეფერება. აი, "შუქურასთან" ბოლო ტურში კი ვიგებდით და ბოლო წუთებზე გავუშვით გოლი. საგანგაშო არაფერი ხდებოდა, თამაშს ვაკონტროლებდით და კონცენტრაცია დავკარგეთ. თამაშის სცენარი ისეთი იყო, რომ მოგებამდე უნდა მიგვეყვანა საქმე, მაგრამ მოვდუნდით. ასე რომ, გადაღლილობა არ იყო ვერმოგების მიზეზი".
ჭანტურიშვილმა გვითხრა, რომ მხოლოდ გუნდის წარმატება-წარუმატებლობას აქცევს ყურადღებას და კმაყოფილიც მაშინ არის, როცა "ზესტაფონი" იგებს.
"პირადად ჩემს თამაშზე ლაპარაკი არ მიყვარს. მთავარია, გუნდი რას იზამს. თუ მოვიგებთ, ჩვენი გულშემატკივრებიც კმაყოფილები რჩებიან, წაგების შემთხვევაში კი, კარგადაც რომ ითამაშო, ხალხს ნაკლებად ამახსოვრდება".
ვახტანგს მიაჩნია, რომ "ზესტაფონს" გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია და მოკლე დროში შედეგიც გამოსწორდება. სეზონის წინ გუნდს ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტად თვლიდნენ, ახლა კი მეთორმეტე ადგილზე არიან და ლიდერ "დინამო" თბილისს 8 ქულით ჩამორჩებიან:
"მეტწილად ახალგაზრდები დავრჩით. გუნდიდან ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი წავიდა, შეთამაშებას კი, ალბათ, დრო სჭირდება. მიზანი არ შეცვლილა, ჩვენ ჩემპიონობა გვსურს და არა მხოლოდ გვსურს: ეს შესაძლებელიცაა. მართალია, "დინამოსთან" წავაგეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენზე ერთი თავით მაღლა დგანან".
რაც შეეხება ნაკრების კანდიდატთა შორის გამოძახებასა და თამაშებს, ჭანტურიშვილმა გვითხრა, რომ ამან სტიმული მისცა:
"საკუთარი თამაშის შეფასება არ მიყვარს. მირჩევნია, ეს სხვებმა გააკეთონ. ისე მოხდა, რომ ჯერ არცერთ ნაკრებში არ მითამაშია. ჰოლანდიასთან 21-წლამდელებში სათადარიგო ვიყავი, მაგრამ მინდორზე გასვლა არ მომიწია. ახლა 21-წლამდელებში ვეღარ ვითამაშებ, დარჩა მხოლოდ ეროვნული ნაკრები".
ჭანტურიშვილს ვკითხეთ, სპორტის რომელიმე სხვა სახეობაზე თუ დადიოდა. ბავშვობაში ფეხბურთის პარალელურად, ცურვასა და ტანვარჯიშზე უვლია, რაც ზოგადად, ელასტიურობასა და მოქნილობას მატებს.
"ისე, ბავშვობაში "ნორჩ დინამოელში" დავდიოდი, ჩემი მწვრთნელები თენგიზ კაცია და თამაზ კოსტავა იყვნენ. იქიდან მოვხვდი "ნორჩი დინამოელის" ძირითად გუნდში, რომელიც პირველ ლიგაში გამოდიოდა. "ზესტაფონში" სწორედ ამ კლუბიდან წავედი, თავიდან დუბლებში ვიყავი, მერე კი ნელ-ნელა მივიწევდი პირველი გუნდისკენ".
სხვათა შორის, ჭანტურიშვილმა "ზესტაფონის" ძირითად გუნდში დებიუტი გოლით აღნიშნა. ეს ორი წლის წინ, საქართველოს სუპერთასზე "გაგრას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოხდა.
"პირველი ტაიმი იყო, ვაგებდით და ანგარიში გავათანაბრე. იმ მატჩში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, თუმცა მაინც გავიმარჯვეთ".
ვნახოთ, რამდენად მოუმატებს თამაშს ჭანტურიშვილი. პოტენციალი აშკარად აქვს და არაერთი შემთხვევა ყოფილა, ფეხბურთელი ასაკობრივი ნაკრებების გაუვლელად მოხვედრილიყო ეროვნულ გუნდში და მაღალ დონეზე ეთამაშა.
ბოლოს, ვახტანგის საფეხბურთო გემოვნებაზე: ნაკრებებიდან არგენტინა, კლუბებიდან "ბარსელონა" და აქედან გამომდინარე, საყვარელ ფეხბურთელს გამოცნობა აღარ სჭირდება. .
გამოყენებულია ფოტო საიტიდან www.worldsport.ge
|